მთავარი,სიახლეები

შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

12.03.2017 • 3092
შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა.

მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ:

„ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, რომელიც ჩემი თანამშრომლების მიმართ მოდის. მე დავაანონსე, რომ არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებებსაც-მეთქი, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. მე ამას ვერ ვხედავ. ყველა იმ ადამიანმა, ვისთანაც მქონდა საუბარი, კატეგორიულად უარყო ქსენოფობიური განცხადებები. ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო. სწორად იყო შერჩეული სენსიტიური საკითხი, რომ თითქოს ქსენოფობიური განცხადებები იქნა გაკეთებული პოლიციელების მხრიდან, მსგავსი არაფერი ყოფილა”, – თქვა მინისტრმა.

მღებრიშვილმა ასევე უარყო არაადეკვატური ჯარიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გუშინ ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი საფუძველი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: