მთავარი,სიახლეები

გენო გელაძე: პატრულის თანამშრომლები ხელმძღვანელისგან რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე მომიყვნენ

12.03.2017 • 3829
გენო გელაძე: პატრულის თანამშრომლები ხელმძღვანელისგან რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე მომიყვნენ

გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერდა: „აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ…“ რა ინფორმაცია ჰქონდა მაშინ გენო გელაძეს, გამოეხმაურა თუ არა სამთავრობო უწყებები მის პოსტს და რა დაინახა გუშინდელ საპროტესტო აქციაში – „ბათუმელები“ გენო გელაძეს ესაუბრა:

რა ინფორმაცია გქონდათ, როცა სოციალურ ქსელში ადგილობრივი პოლიციელების შევიწროვებაზე წერდით? 

ორი-სამი კვირის წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა მნახა. ისინი ამბობდნენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ავიწროვებდა ადგილობრივ კადრებს, ზოგი დააქვეითეს, გაუშვეს, ან სამუშაო პირობები გაუუარესეს. ისინი მიუთითებდნენ დისკრიმინაციაზეც, თუმცა კონკრეტულად ვერ ამბობდნენ, რაში გამოიხატებოდა ეს. აღნიშნავდნენ, რომ, ძირითადად, ეს იყო რეგიონული ნიშნით დისკრიმინაცია. იმავე პერიოდში რამდენიმე მოქალაქეც მესაუბრა უსამართლო ჯარიმებზე. არც ერთი არ ამბობდა, რომ მართლები იყვნენ, მაგრამ ქალაქში არსებული არაპარკირებული ვითარებიდან გამომდინარე ხდებოდნენ იძულებული, რაღაც დაერღვიათ და ამის გამო უმკაცრესად ვისჯებითო. ჩავთვალე საჭიროდ ამ ფაქტების შესახებ საჯაროდ მეთქვა. ამას სჭირდებოდა რეაგირება.

რა გამოხმაურება ჰქონდა ამ პოსტს სოციალურ ქსელში? 

არც ერთი სამთავრობო უწყება, არც პოლიცია არ შემხმიანებია. გამოხმაურება იყო მხოლოდ მოქალაქეებისგან. აღმოჩნდა, რომ სხვა უწყებებშიც ბევრი იყო ანალოგიური დამოკიდებულებით უკმაყოფილო, რომ ადგილობრივ კადრებს გაზრდის საშუალებას არ აძლევენ და ასე შემდეგ. საერთოდ ამგვარი მუხტი დიდი ხანია არსებობს ჩვენს რეგიონში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ხალხი აგრესიული გახადა, არის ეს. ჩვენ ამ თემაზე რატომღაც საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ალბათ, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია ეს, უხერხულად ითლება ამაზე საუბარი, მაგრამ ჯობია, საჯაროდ ვილაპარაკოთ, ვიდრე შემდეგ ამ ფორმით გამოიხატოს აგრესია.

ფიქრობთ, რომ ეს იყო გუშინდელ საპროტესტო აქციაზე გამოხატული აგრესიის მიზეზი?

იმის გამო, რომ არ ინიშნებიან ადგილობრივი კადრები, ბევრი წუწუნებს. გუშინ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მოქალაქეს დისკრიმინაციულად მოეპყრო პოლიცია. ადამიანები, რომლებიც დაბოღმილები იყვნენ ამ ყველაფრის გამო, გადმოანთხიეს ეს. შემდეგ გამოჩნდა ორგანიზაციული ნიშნები. როგორც ჩანს, კონკრეტულმა ძალებმა ისარგებლეს ამ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვით და მისცეს ამას აქტიური პროტესტი ფორმა. ძალიან ცუდად ემთხვევა ეს ყველაფერი ევროინტეგრაციის პროცესს.

რას გულისხმობთ კონკრეტულად?

ის, რომ უმართავი ბრბო შეიქმნა, რომელიც წვავს ქუჩაში მანქანებს, ეს რომ ვნებს ქვეყანას, ფაქტია. ჩემი აზრით, პირველ რიგში ამ პროცესმა ქვეყნის საგარეო იმიჯი დააზარალა. ესენი არიან ძალები, ვისაც ევროპასთან ინტეგრაცია არ აწყობთ. ეს შორს მიმავალი გეგმებია, რომ ქალაქი გახდეს უკონტროლო. სამწუხაროდ, მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.

რა უნდა გაკეთდეს ახლა, თქვენ რის საჭიროებას ხედავთ?

აუცილებელია ყველა პირი სათანადოდ დაისაჯოს, დაწყებული პირველი ეტაპიდან, ვინც პოლიციელს მოექცა დისკრიმინაციულად, ის, ვინც საკადრო პოლიტიკა დაგეგმა, ისიც, ვინც უკმაყოფილება ყურადღების გარეშე დატოვა… თითოეულმა მონაწილე პირმა უნდა აგოს პასუხი, თუ ორგანიზატორებს გამოკვეთენ, მით უმეტეს კარგი იქნება. ჩემი აზრით, ამ პროცესში ხელისუფლება დაიბნა და კომუნიკაცია ვერ აწარმოა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. ახლა სახელმწიფომ უნდა თქვას, რა მოხდა. სხვანაირად არ შეიძლება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: