მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

12.03.2017 • 2067
ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 მარტს, 16 პირის საქმე შევიდა, ვისაც ადმინისტრაციული წესით ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. საუბარია საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებზე. სასამართლომ 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა 5-5 დღით შეუფარდა.

დაკავებულებიდან 6 შემთხვევას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი 20 მარტს განიხილავს. დღეს მოსამართლემ ისინი სასამართლო დარბაზში, წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან საერთოდ გაათავისუფლა სამი არასრულწლოვანი.

„ეს იყო დავალება, რომ ყველა დაესაჯათ თანაბრად 5-დღიანი პატიმრობით“, – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ გოდერძი გორგილაძის საქმის განხილვის შემდეგ. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო დღეს, როცა ადმინისტრაციულ სამართლდარღვევაში მიჩნეულმა პირმა პროცესში ადვოკატის ჩართვა ითხოვა. მასთან ერთად სასამართლომ განიხილა მამუკა ართმელაძის და გიორგი ჯაჭვლიანის საქმეები. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

ადვოკატი ამ შემთხვევაში აქცენტირებდა იმაზე, რომ დაკავების ოქმს პოლიციელი ნიკა მოწყობილი ხელს არ აწერდა. „ეს არის არსებითი დარღვევა. ასევე გაურკვეველი დარჩა, რატომ არ დააკავა პოლიციელმა ეს პირები პლაზასთან, თუკი იქაც პოლიციელებს შეურაცხყოფდნენ?“ – ამბობდა ადვოკატი ზაზა პაპიძე სასამართლო პროცესზე. სასამართლომ დაცვის მხარის შეფასებები არ გაიზიარა.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გვიზუსტებს, რამდენი ადამიანი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან რამდენი გაუშვეს ხელწერილით სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე. სახალხო დამცველის აპარატის წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 42 პირია დაკავებული საპროტესტო აქციის შემდეგ.

mashaneishvili 1

საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

mashaneishvili 2

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა აქციის შემდეგ დაკავებულებს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: