არჩილ თალაკვაძე: შესაძლოა რამდენიმე ადამიანი კიდევ მიეცეს პასუხისგებაში

11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან გუშინ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში  „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა:

„შეფასებები არის ცალსახა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ძველი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამოიყენეს არსებული რეალობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ. გუშინ არ იყო პირველი სიგნალი, როდესაც ჩვენ ვისმენდით, რომ არსებობს სურვილები და არსებობს მცდელობა ისეთი განვითარებისა მოვლენების, რაც გუშინ დავინახეთ. გუშინ იყო კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, როდესაც კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ვინ იყო ჩართული, ვინ უკეთებდა ამ ყველაფერს ორგანიზებას –  ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აშკარაა.

შსს მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ერთის მხრივ გამოყენებული იყვნენ ამ ძალადობაში და მეორეს მხრივ იმ ადამიანების, რომლებიც სავარაუდოდ ორგანიზებას უკეთებდნენ ამ ძალადობას. სახელმწიფო  მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერას უცხადებს და დაეხმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა და ვისი საკუთრებაც დაზარალდა. პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და აჩვენა უახლესი ისტორიის ძალიან მკაფიო მაგალითი, რომ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე, ისეთ პირობებში როგორიც გუშინ იყო, შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამავე დროს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. მე ვფიქრობ გუშინ პოლიციამ მოახერხა ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე დაეცვა კანონი და დაეცვა თავისი მოქალაქეები,“ –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დაგვიანებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება, თალაკვაძის თქმით პოლიციამ ყველაფერი გააკეთა.

„შსს-ს რეაგირება არ დაწყებულა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაძლიერებულმა ძალებმა მოახდინეს ტერიტორიის გასუფთავება, მიიღეს კანონით გათვალისწინებული ზომები, გაცილებით ადრე იქნა რეაგირება. ჩვენ საქმის კურსში ვიყავით თავიდანვე, ამიტომ აქ კითხვები არ არსებობს. პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც კანონით ევალებოდა, რაც საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეიძლებოდა გაკეთებულიყო.  მოძალადეთა ჯგუფები დაკავებულნი არიან. დაწყებულია სამართლებრივი რეაგირება. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მიეცემა პასუხისგებაში. ჩვენ მოველით, რომ ადამიანები რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კანონდარღვევაში, ამ დესტაბილიზაციაში, შემდგომში თავად აანაზღაურებენ იმ საფასურს და იმ ზიანს, რომლის გადახდაც დღეს სახელმწიფოს უწევს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

http://

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი