სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

06.02.2014 • 1383
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

 

დღეს, 12 საათზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს შეხვდებიან და   პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციას  გააცნობენ.  ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ დახმარებას  12000-მდე ფერმერი მიიღებს.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს დაახლოებით 65 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

 

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს.

 

ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.  „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი.  2)სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად  ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“.

 

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს  საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აღნიშნული პროქტის განხორციელება დაიწყება  თებერვალში  და დასრულდება აგვისტოში. 

 

პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარია. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

დღესვე აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამებს გააცნობს. „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ 6 ქვეპროგრამას მოიცავს და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 მილიონ ლარია. ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70% სახელმწიფო) შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს (მოცვი, კაკალი, ხურმა, აქტინიდა კივი), 40%-იანი თანადაფინანსებით კი (40% ფერმერი, 60% სახელმწიფო) ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს, ასევე ქიმიური მელიორაციის ღონისძიების დეფეკატის გამოყენება.   

 

გადაბეჭდვის წესი