სიახლეები

აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ

05.02.2014 • 1814
აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ

 

„გვინდა, რომ პოლიტიკოსები ხელოვნებაში არ ჩაერიონ. თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ვაპირებთ უფრო ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას, ჩვენ არ გავჩერდებით“ – განაცხადა მურთაზ მანზულაშვილმა, ანსამბლის წევრმა.

 

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მათთან შეთანხმების გარეშე შეცვალეს და ჯერჯერობით ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ანსამბლში არც გამოჩენილა.

 

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, თემურ ქორიძე და გვინდა დაბრუნდეს. 60 კაცი ვირჩევთ, რომ თემურ ქორიძე იყოს ჩვენთან და ჩვენი აზრი არავის არ აინტერესებს. წერილობითაც მივმართეთ კულტურის სამინისტროს, მთავრობას, პასუხი არავინ არ გაგვცა და ამის შემდეგ გავიგეთ, რომ დირექტორიც დანიშნული ყოფილა და სამხატვრო ხელმძღვანელიც. დირექტორი არის ოთარ მიქელაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჩაჩავა.“ – განაცხადა ნათია მოისწრაფიშვილმა, აქციის მონაწილემ.

 

„ჩვენი მთავარი მესიჯი არის _ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე. ამ ანსამბლმა წლების განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პოლიტიკოსებმა, უმაღლეს საბჭოში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ უნდა დანიშნონ მათ მიერ მართული ადამიანი, ისე რომ კოლექტივის აზრი არ გაითვალისწინონ.  ეს კოლექტივი არ გაჩერდება, დღეს მთელი ქალაქი შემოვიარეთ, რათა მთელ ქალაქს გავაგებინოთ, რომ აჭარის სახელმწიფო ანსამბლს სჭირდება გადარჩენა. ეს ანსამბლი არის მთელი რეგიონისა და საქართველოს კუთვნილება და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ანსამბლის გადარჩენაში და მის წარმატებულ მომავალზე ზრუნვაში.“ – განაცხადა ჟურნალისტებთან თამაზ ბაკურიძემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ დაემუქრნენ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და განათლებისა და კულტურის სამინისტროში. „თუ წავა დირექტორი, წავა თემურ ქორიძეცო. ალბათ ასრულებენ ამ პირობას, რადგან თემურ ქორიძეს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, აჭარის სახელმწიფო ანსამბლს ჩავარდნა არაფერში არ ჰქონია. ასრულებენ ამ პირობას უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები. ჩვენც ვებრძვით ამ უსამართლობას. სახელები და გვარები ამ პიროვნებების, ვინც დაგვემუქრა, ნამდვილად არ ვიცი.“ 

აქციის მონაწილეებმა ამ დროისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.  სამინისტროს პოზიციას ამ საკითხზე batumelebi.ge უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: