სიახლეები

ჩაიშლება თუ არა კონკურსი უმაღლეს საბჭოში

03.02.2014 • 1264
ჩაიშლება თუ არა კონკურსი უმაღლეს საბჭოში

„მოვითხოვე მეორე ტურის, გასაუბრების შედეგების გაუქმება, რადგან დარღვეული იყო რამდენიმე კანონი და კონკურსის ჩატარების პირობები“-აცხადებს ლელა ნემსაძე, რომელსაც განაცხადი შეტანილი ჰქონდა უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტის სტილისტ-რედაქტორის ვაკანსიაზე.

ლელა ნემსაძის განცხადებით, კონკურსანტების შეფასება მოხდა მხოლოდ კანონმდებლობის ცოდნის და არა კონკურსანტის პროფესიული უნარების გათვალისწინებით:

„ჩემი კონკურენტების კვალიფიკაცია არ იყო სტილისტ-რედაქტორის განათლების შესაბამისი.   კომისია არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა ამ მიმართულებით კონკურსანტს გამოცდილება. მთავარი იყო, გქონოდა უმაღლესი განათლება და ფიზიკოსი იყავი თუ ენის სპეციალისტი,  კომისიამ ამას მნიშვნელობა არ მიანიჭა“.

საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, კონკურსის შედეგები ლელა ნემსაძის გარდა სხვა კონკურსანტებს არ გაუპროტესტებიათ:

„კომისიამ გამარჯვებულად ჩათვალა მარინე კუპრეიშვილი, თუმცა საპრეტენზიო კომისიამ ლელა ნემსაძის საჩივარი განიხილა, პრინციპში დავეთანხმეთ ქალბატონ ლელას და ვნახოთ, რას იზამს საკონკურსო – საატესტაციო კომისია. დაინიშნება თუ არა მეორე ტური, ამას კომისია გადაწყვეტს“.

გამოცხადდება თუ არა ხელახალი კონკურსი სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე, ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, ეს საკითხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი