მთავარი,სიახლეები

სამთავრობო კომისია ბათუმის განაშენიანებაზე: „მდგომარეობა საგანგაშოა“

10.03.2017 • 7586
სამთავრობო კომისია ბათუმის განაშენიანებაზე: „მდგომარეობა საგანგაშოა“

k2-ის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი} კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომისია დღეს ინვესტორებს შეხვდა. მათგან უმეტესობას კომისიის რჩევით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარი უთხრა.

შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დახურული იყო, ამიტომ ჟურნალისტებისთვის უცნობია როგორ წარიმართა დიალოგი მათ შორის, რა კითხვები ჰქონდათ ბიზნესის წამომადგენლებს და რა პასუხები მიიღეს კომისიის წევრებისგან.

შეხვდრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის წევრმა მანუჩარ მახათაძემ ბათუმში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები შეაფასა, როგორც „ურბანული კატასტროფა“. მან ამ მიმართულებით ბათუმში არსებულ მდგომარეობას „საგანგაშო“ უწოდა:

„ … თქვენ იცით რა სავალალო მდგომარეობაც არის ავტოსადგომებთან დაკავშირებით. რაც მივიღეთ ბოლო ხუთი წლის მანძილზე. ქალაქში მზის სხივების გავრცელების თვალსაზრისით. ეს კასკადური შენობა-ნაგებობები აბსოლუტურად არ არის ქალაქის ცენტრის არქიტექტურა და მითუმეტეს, ბათუმის არქიტექტურას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ, რაც სიმაღლის განსაზღვრის შემთხვევაში მხოლოდ ორი სართულის კასკადური შეწევაა შესაძლებელი, ასევე შვიდი მეტრით განვსაზღვრეთ, თუმცა ეს არ ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რომლებსაც თვითონ არქიტექტურა მოითხოვს კომპოზიციას ექსტერიერის კუთხით. ასეთი არქიტექტურა შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი სივრცეების მიმართ.“

ანგარიშის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით 80-მდე ინვესტორმა მიმართა. მათგან დადებითი რეკომენდაცია კომისიამ მხოლოდ შვიდზე გასცა, შვიდიდან სამს კი პატარაძემ უკვე უშუამდგომლა.

მანუჩარ მახათაძის თქმით, რამდენიმე პროექტი  შენიშვნებით უკან დააბრუნეს. თუ ინვესტორი სახეცვლილი პროექტით დაბრუნდება, კომისია მის მოთხოვნას კიდევ ერთხელ განიხილავს და არ არის გამორიცხული, რომ დადებითი რეკომენდაციაც მიიღოს.

კომისიის წევრია დავით ზოიძეც, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი არქიტექტურის საკითხებში. ის მთავრობის წინა თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩეველიც იყო. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არ მოგწონდათ ქალაქში მიმდინარე მშენებლობები, რატომ არ ურჩიეთ ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს არ გაეცა შუამდომლობები კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე? – მან უპასუხა, რომ „შეცდომები ყოველთვის ხდება“. მისივე თქმით, ახლა შეცდომების გამოსწორების დრო დადგა.

კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომისია განიხილავს, თუ რამდენად შეესაბამება განსახილველი პროექტი ქალაქმშენებლობით პარამეტრებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი