მთავარი,სიახლეები

რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

10.03.2017 • 9580
რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მენინგოკოკური ინფექციით საქართველოში წელიწადში 10-15 ადამიანი ავადდება. აჭარაში კი  წლის განმავლობაში  1 – 2 შემთხვევა  ყოველწლიურად ფიქრისდება. ელვისებური მენინგოკოკური ინფექციის დროს,  შემთხვევა ხშირად ლეტალურად სრულდება. რა არის მენინგოკოკური ინფექციის ელვისებური ფორმა და როგორ შეიძლება მისი პრევენცია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა.

ქალბატონო ნინო, ყველაზე ხშირად, რა ასაკის ადამიანებში გამოვლინდა მენინგოკოკური ინფექცია სტატისტიკის მიხედვით?  

ძირითადად  14 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. დაავადებას გარკვეული სეზონურობა ახასიათებს, შემოდგომიდან იწყება მატება და გაზაფხულზე პიკს აღწევს.

რა წარმოადგენს ინფექციის წყაროს და აქვს თუ არა გამოხატული ნიშნები?

ეს არის მენინგოკოკებით გამოწვეული ინფექცია.  ადამიანი შეიძლება იყოს ნაზოფარინგიტით დაავადებული, სურდოს რასაც ვეძახით, რომელიც მენინგოკოკური ინფექციის ძალიან მსუბუქი ფორმაა და ეს გახლავთ ძირითადად ინფექციის გამავრცელებელი. ასეთი ადამიანი საშიშია იქედან გამომდინარე , რომ რადგან სურდოს მსუბუქი  ფორმაა  აქვს, ადამიანის იზოლირება არ ხდება და ინფექციის კონტროლის ღონისძიებებს არ იცავს, მაგრამ წვეთოვანი გზით ავრცელებს ინფექციას.

ინფექციას ახასიათებს ელვისებური ეფექტი, რა იწვევს ამას და არის შესაძლებელი გართულების თავიდან აცილება?

ელვისებური იმიტომ ჰქვია, რომ ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზოგჯერ პაციენტი ექიმთან მიმართვასაც ვერ ასწრებს, კლინიკური ნიშნებისა და ჩივილების უსწრაფესი განვითარების გამო, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მენინგოკოკური ინფექციისთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სისხლჩაქცევები, რომელიც მთელ ტანზეა, მაგრამ  თუკი ეს არის სხეულის ზედა ნაწილზე და სახეზე, ეს არის დაავადების უფრო მძიმე ფორმა.

სისხლჩაქცევების გაჩენამდე თუ აქვს გამოხატული სიმპტომი?

რა თქმა უნდა, მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება მაღალ ნიშნულებამდე – 39-40 გრადუსი, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება და შემდეგ უკვე იწყება სისხლჩაქცევები. დაავადების განვითარებიდან დაახლოებით ერთი დღის შიგნით, შეიძლება წამოვიდეს სისხლჩაქცევები. აქ უკვე ეჭვი გვაქვს მენინგოკოკცემიაზე. სასურველია, ნებისმიერი მაღალი ტემპერატურის, გაძლიერებული თავის ტკივილის დროს დროულად მიმართოს  პაციენტმა ექიმს, მაგრამ გავრცელების თავისებურებიდან გამომდინარე, რადგან ბავშვებზეა საუბარი,  დროულად უნდა მივიყვანოთ ექიმთან. ყველა შემთხვევა  ლეტალურად არ სრულდება, დაახლოებით 10-დან 20 პროცენტშია სიკვდილიანობა.

თქვენ ამბობთ რომ, დაავადებას აქვს გამოხატული ნიშნები, გუშინ გამოვლენილი შემთხვევის დროს კი, როგორც ახლობლები ამბობენ, დროულად ვერ დაუდგინეს  4 წლის ბავშვს ინფექცია, როგორ ფიქრობთ, რატომ?

უმჯობესია ამაზე ექიმმა ისაუბროს, თუმცა ჩვენ მოვიძიეთ კონტაქტები, რადგან მენინგოკოკცემია გადამდებია და პაციენტთან კავშირში მყოფი ყველა პირი ანტიბიოტიკურ პროფილაქტიკას იტარებს. სხვა მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ.

როგორც ვიცით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აცრებს პატარა ასაკში,  ამ დაავადების პრევენციისთვის თუ ტარდება აცრა?

კონკრეტულად მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო აცრა არა, მაგრამ 2-3-4 თვის ასაკში ექვსკომპონენტიანი აცრა კეთდება, რომლის შემადგენლობაშიც შედის მენინგიტის საწინააღმდეგო კომპონენტი, თუმცა სრულყოფილად, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა ეროვნული კალენდრით არ გვაქვს.

უნდა იყოს თუ არა, ხედავთ ამის საჭიროებას?

მენინგოკოკი ეს გახლავთ ბაქტერია, რომელიც  ძალიან სუსტია გარემოში და ადვილად იღუპება. თუკი ინფექციის წყარო მატარებელი ან მსუბუქი ფორმით დაავადებული პირია და დახურულ სივრცეში, მჭიდრო კონტაქტში იმყოფება სხვა პირებთან, ამ შემთხვევაშია დაავადების გავრცელება უფრო სახიფათოა. სხვა შემთხვევაში, ამის მართვა და პრევენციაც შესაძლებელია, თუკი რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. თუმცა ამ დონეზეც შეიძლება შემთხვევა აღმოიფხვრას.

გამოსავალია ის, რომ დროულად მივმართოთ ექიმს, კონტაქტებში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა,  რომელსაც გვირჩევს მკურნალი ექიმი და სანიტარული ღონისძიებების დაცვა. მკურნალობის შემდეგ ინფექცია ორგანიზმში რაიმე გართულებას არ ტოვებს.

როგორია ინფექციის გამოვლენის ბოლო წლების სტატისტიკა აჭარაში?

ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014  წელს ინფექციის გამოვლენის 3 შემთხვევა გვქონდა, 2015 წელს-  2 შემთხვევა და გასულ წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.  მიმდინარე წელს კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა გუშინ.

 

გადაბეჭდვის წესი