სიახლეები

რა ელის ნურიგელის ტბას

10.03.2017 • 4345
რა ელის ნურიგელის ტბას

მას შემდეგ, რაც ნურიგელის ტბაში  აერაციის სისტემა დამონტაჟდა, მასში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. ეს ადგილობრივი მეცნიერების ბოლო კვლევის შედეგებით დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და დღეს უკვე ნორმის ფარგლებშია.

გარდა ამისა, მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, რამდენიმე დღეა ტბაში აღარ ჩაედინება დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყალი, რომელიც ტბის წყალში მარილიანობას ზრდიდა და აზიანებდა მიკროფლორას – “რამდენიმე დღეა რაც დელფინარიუმიდან გადავიდა ამ მარილიანი წყლების ჩადინება და ეს ასე უცებ შედეგს ვერ მოგვცემს, იმიტომ, რომ ქვემოთ წყალი არის უკვე ატროფირებული და იქ ახალი წყლის წამოსვლას გარკვეული დრო დასჭირდება” – ამბობს ის. მისივე განმარტებით დელფინარიუმიდან ჩამდინარე წყალი ზღვას არ აბინძურებს – “ეს ზღვიდან ამოსული სუფთა წყალია, შესაბამისად მისი ზღვაში ჩადინება ზღვას ზიანს არ აყენებს, ტბაში კი ამ წყლების წლობით ჩადინებამ მარილიანობის შემცველობა ძალიან გაზარდა”.

ალექსანდრე თევზაძე

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიების მოზღვავებული რაოდენობა შარშან ივნისში დაფიქსირა, რის მთავარ მიზეზადაც სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევა დაასახელეს. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ტბის გადასარჩენად ხუთპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელთაგან ორი პუნქტი (აერაციის სისტემა და დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყლის აცილება) უკვე შესრულებულია, ახლა დარჩენილია ტბის სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, რაც თითოეულ წელს სავარაუდოდ 50 000 ლარამდე დაჯდება. ასევე, აუცილებელია ტბის გათევზიანება, რაც ტბაში იმ თევზების ჯიშების მოშენებას გულისხმობს, რომლებიც ამ წყალმცენარეებით იკვებებიან. წინასწარი გათვლით, გეგმის ამ ნაწილზე  20 000 ლარი დაიხარდება. და მესამე, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტი – ტბის წყლის მიმოქცევის აღდგენა ზღვასთან, რაზედაც ქართველი და ბელორუსი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ – “ოპერატიულად სამუშაოა, მაგრამ სიჩქარე არ შეიძლება, აქ ყველაფერს სჭირდება პერმანენტული დაკვირვება. ამ ტბის პრობელმაა მთავარი კოლექტორი, რომელმაც გაიარა ზღვასა და ტბას შორის და შეწყვიტა ბუნებრივი მიმოქცევა მათ შორის, ამას დაერთო დელფინარიუმის მილები,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთ ვერსიად ტბის  დაცლა და მისი ახალი წყლებით შევსებაც განიხილება, თუმცა საამისოდ საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი სამუშაოები და ტუმბოები იქნება საჭირო – “ამასაც ვითვლით, შესაძლებელია თუ არა ამ მიმართულებით წასვლა. ტუმბოების დამონტაჟება, რაც წყლის მიმოქცევას შეუყობს ხელს, ძალიან დიდი ბუჯეტს მოითხოვს, მაგრამ თუ  საჭირო დარჩება, მერია ამისთვისაც მზად არის. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივ კვლევებს საჭიროებს, უცებ ხისტი გადაწყვეტილებების მიღება აქ არ შეიძლება,” – ამბობს ის.

ნურიგელის ტბაში თევზჭერა კვლავ არ არის რეკომენდებული, თუმცა ეს გაფრთხილება მოსახლეობისთვის საკმარისი მაინც არ არის.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ტბაში დაჭერილი თევზი, კარგი თერმოდამუშავების შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

სპეციალისტების განმარტებით, ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა, შესაბამისად ამ წყალმცენარის შემდეგ ყვავილობას მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ელოდებიან – „თუმცა, ამ ზაფხულს ჩვენ ველოდებით უკვე უკეთეს შედეგებს, ჩვენც გვაინტერესებს როგორ იმუშავა აერაციამ,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

თევზჭერა ამ პერიოდში კვლვა აიკრძალება.

 

ამავე თემაზე:
6 მაისის პარკში ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებით დაიფარა
დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]
292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის
ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: