მთავარი,სიახლეები

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება

10.03.2017 • 6817
„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-5 წევრის სავარძელი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბორდის ახალი წევრი ამ დრომდე არ შეურჩევია. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი დააკომპლექტოს ან დაითხოვოს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კონკურსი საგაზაფხულო სესიის დროს აუცილებლად გამოცხადდება, თუმცა კონკრეტულად როდის, ჯერ არ იცის. „დავალება მიცემული მაქვს იურისტებისთვის, რომ მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია,“ – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

კონკურსის გამოცხადების გარდა, უმაღლესმა საბჭომ უნდა დააკომპლექტოს კომისია, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი ბორდის წევრობის კანდიდატურებიდან სამ საუკეთესოს შეარჩევს და ისევ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

ამ შემთხვევაში კანდიდატის დასახელების უფლება აქვს „ქართული ოცნების“ იმ ფრაქციას, რომელიც ყველაზე მეტი წევრითაა წარმოდგენილი. სწორედ ამ ფრაქციიდან იყო დასახელებული ზაზა ხალვაში. ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა [ამ დროისთვის პარტია „ქართულ ოცნებას“ სამი ფრაქცია აქვს საბჭოში, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“].

რატომ არ გამოაცხადა აქამდე კონკურსი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ? – დავით გაბაიძე განმარტავს, რომ მას ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწის სურვილი ჰქონდა: „გახსოვთ კრიტიკა კვოტირების წესებთან დაკავშირებით, მაგრამ უმჯობესია კონკურსი გამოვაცხადოთ და პარალელურად კანონის დახვეწაზეც გაგრძელდება მუშაობა. ბორდმა ტელევიზიის დირექტორი აირჩია, რაც აჩვენებს, რომ მეხუთე წევრის არყოლა დაბრკოლებას არ ქმნის.“

ხომ არ აპირებს უმაღლესი საბჭოს „აჭარის ტელევიზიის“ არსებული სამეთვალყურეო საბჭოს, ან მისი რომელიმე წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას? [ეს უფლება უმაღლეს საბჭოს აქვს, თუკი ტელევიზიის ბიუჯეტი ვერ სრულდება, ან გამოცხადებული პრიორიტეტები. ავტ.] – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამას გამორიცხავს.

ფოტოზე: „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის გასაუბრება დირექტორობის კანდიდატთან.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: