evka

ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები ამჯერად შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აუქციონის გამოცხადების საფუძველი იყო კონკრეტული დაინტერესება.

„ბათუმელები“ კომპანია „ანაგის“ დაუკავშირდა. „ჩვენ გვაქვს კომერციული ხელშეკრულება გაფორმებული დენდროლოგიურ პარკთან. ვარჩევთ ხეებს, ვყიდულობთ კერძო პირებისგან, ამ შემთხვევაში ვიყიდეთ სახელმწიფოსგან და ეს ხეები შემდეგ გადაგვაქვს დენდროლოგიურ პარკში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „ანაგის“ წარმომადგენელმა დავით ანდღულაძემ.

„ნებისმიერ პირს შეუძლია გამოავლინოს ინტერესი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების  ყიდვასთან დაკავშირებით…  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა განიხილოს შემოთავაზებული დაინტერესება და მიიღოს გადაწყვეტილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით;

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით განახორციელოს იმ მოძრავი ქონების გასხვისება, რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

კანონმდებლობით დასაშვებია ხე-მცენარეების გასხვისება, რომლებიც არ შედის სახელმწიფო ტყის ფონდში“, – აღნიშნულია სააგენტოდან ჩვენთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.


ამ დრომდე სახელმწიფოსგან ხეების შესყიდვის ფაქტს ერთხელ ჰქონდა ადგილი, როცა, აჭარის მთავრობამ 2015 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. ამ ხეებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანილი პირველი ხე – მრავალწლოვანი ტიტა.

ხეების გადატანას „ზიმო“ „ანაგისგან“ დამოუკიდებლად აგრძელებს.

ფოტოზე: „ანაგის“ მიერ ნაყიდი ევკალიპტის ხე / ელ. აუქციონის ვებგვერდიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com