მთავარი,სიახლეები

კანონდარღვევა „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერში – სად გაქრა დოკუმენტები

09.03.2017 • 5436
კანონდარღვევა „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერში – სად გაქრა დოკუმენტები

„ასეთი უცნაური რამ აქამდე არ მინახავს. ეს კანონდარღვევაა“, – ასე აფასებს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერს. ამ ორგანიზაციამ 27 თებერვალს ჟურნალ „ჭოროხის“ და ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებულის ბეჭდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. „უცნაურობა“ მდგომარეობს იმაში, რომ 6 მარტს დასრულებული ტენდერი ამ დრომდე გრძელდება.

შემსყიდველს ანუ მწერალთა სახლს არსად აქვს მითითებული, რის გამო გაგრძელდა ტენდერის ვადა, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე. დღეს, 9 მარტს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდიდან ტენდერთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაციაც გაქრა, მათ შორის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც მომსახურება მწერალთა სახლს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა, კომისიამ მონაცემთა დაზუსტება მოსთხოვა.

 

Sesyidvaaaaaaaa

იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც დღეს, 9 მარტს, შესყიდვების გვერდზე უკვე აღარ დევს.

შესყიდვის ღირებულება 9900 ლარია. 6 მარტს, ტენდერის ამოწურვის შემდეგ, მწერალთა სახლის სატენდერო კომისია შეიკრიბა და ოქმი შეადგინა:

„აღინიშნა, რომ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღებისთვის განსაზღვრულ ვადაში სატენდერო წინადადება წარმოადგინა „ხომლი ენ“ – 9400 ლარი და „პოლიგრაფ 2010“ – 9350“, – ვკითხულობთ სხდომის ოქმში, რომელსაც ამ დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე, სადაც კანონის მიხედვით უნდა იყოს განთავსებული, ვეღარ იპოვით.

ამავე სხდომაზე სატენდერო კომისიამ კომპანია „პოლიგრაფ 2010“-ს, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა: დაზუსტებული ფასების ცხრილი, ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ და ინფორმაცია საქონლის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით.

დოკუმენტების წარმოსადგენად კომპანიას ვადა 10 მარტამდე მიეცა, თუმცა 7 მარტს იგივე ტენდერი 9 მარტამდე გაგრძელდა.

„ტენდერის ვადა გაგრძელდა, რადგან სატენდერო სხდომის შემდეგ, 6 მარტის საღამოს, შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა ლალი კონცელიძეს [მწერალთა სახლის, ასევე სატენდერო კომისიის დირექტორი. ავტ.] და უთხრა, რომ საიტზე არსებობდა ტექნიკური პრობლემა და ვადა უნდა გაგრძელებულიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ სხვა კომპანიებს შესაძლებელია, არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ამ ტენდერში“, – ეს მალხაზ ფაღავამ გუშინ გვითხრა, მწერალთა სახლის სატენდერო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს შესყიდვების სააგენტოში დღეს უპასუხეს. „ტექნიკური ხარვეზი იყო 6 მარტს“, – გვითხრა სააგენტოს პრესსამსახურმა.

რატომ აისახა ხარვეზი მხოლოდ ერთ ტენდერზე [სხვა ტენდერები, რომლის დასრულების ვადაც 6 მარტი იყო, ჩვეულებრივად დასრულდა], ან ამის შესახებ ინფორმაცია რატომ არ არის მითითებული შესაბამის შესყიდვაში? სად გაქრა დოკუმენტები ტენდერის შესახებ? – ეს კითხვები შესყიდვების სააგენტომ  დღეს უპასუხოდ დატოვა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპეტენტური პირი შეხვედრებზეა, კომენტარისთვის არ სცალია და პასუხების მისაღებად უწყებიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ თუკი ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, ამის შესახებ დოკუმენტი აუცილებლად უნდა გამოექვეყნებინა შემსყიდველ ორგანიზაციას, ანუ „აჭარის მწერალთა სახლს“. ამ შემთხვევაში კი, გაუგებარია, რა სამართლებრივი ურთიერთობა აქვს „მწერალთა სახლს“ ტენდერში ფაქტობრივად გამარჯვებულ კომპანიასთან.

„თუკი ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, გაუგებარია და ეჭვის საფუძველი ჩნდება: როგორ შეეხო იგი მხოლოდ ერთ შესყიდვას. თუ დავუშვებთ, რომ არსებობდა, ამ შემთხვევაში ხდება დაზუსტება და იმავე ვადით უნდა გაგრძელდეს ტენდერის ვადა. მაგალითად, თუკი ტენდერის ვადა იყო 5 დღე, გახანგრძლივებული ვადა ისევ 5 დღე უნდა იყოს. მთავარი პირობა არის ის, რომ ყველა პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ კუთხით, რადგან ის არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც კურირებს ამ თემას“, – განმარტავს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი.

იგი ყურადღებას ამახვილებს იურიდიულ ძალაში შესული დოკუმენტების გაქრობაზე, რაც კანონდარღევაა. მალხაზ ჭკადუას აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს.

ტენდერის დაუსაბუთებლად გადავადების გასაჩივრების უფლება აქვს გამარჯვებულ კომპანიასაც, თუმცა ამ დროისთვის „პოლიგრაფ 2010“-ს გადაწყვეტილი არ აქვს, მიმართავს თუ არა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს.

„მწერალთა სახლის“ ტენდერი ხვალ, 10 მარტს, დილით უნდა დასრულდეს, თუმცა გამორიცხული არ არის ისევ გახანგრძლივდეს. 7 მარტს, როცა დასრულებული ტენდერის წამზომი ხელახლა ჩაირთო, მითითებული იყო, რომ იგი 9 მარტს, ანუ დღეს დასრულდებოდა.

ოქმი, რომელიც ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე აღარ დევს:

1111111111111111112222222222222222222

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: