მთავარი,სიახლეები

რეკომენდაციები მათთვის, ვისაც თხილის ბაღი აქვს ან აპირებს გაშენებას

09.03.2017 • 6746
რეკომენდაციები მათთვის, ვისაც თხილის ბაღი აქვს ან აპირებს გაშენებას

ავტორები: ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა, დოქტორი პროფესორი; ანგელინა ნიკოლაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. 2016 წელს თხილის დაბალმა და უხარისხო მოსავალმა სერიოზული საფიქრალი გაუჩინა თხილის მწარმოებლებს. რა არის მათი შეშფოთების მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ასეთი მოვლენებისაგან?

პლანეტაზე გლობალური დათბობის დასაწყისი გამოხატულებას პოულობს იმ კლიმატური კატაკლიზმებით, რომელიც გახშირდა წყალდიდობების, მეწყერული მოვლენების, ტემპერატურათა მკვეთრი მერყეობის, ცუნამებისა და სხვათა სახით, რასაც უზარმაზარი მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მოაქვს კაცობრიობისთვის.

თუ კი დავაკვირდებით და გავაანალიზებთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში აგროკლიმატური ფაქტორების მიმდინარეობას ბოლო ათწლეულში, დავრწმუნდებით იმაში, რომ განსაკუთრებით სავეგეტაციო პერიოდში კლიმატი ძალზე ცვალებადი გახდა, ერთი წელი არ გავს მეორეს და ა.შ. მაგალითად, თუ 2013, 2014, 2015 წლების სავეგეტაციო პერიოდი მკვეთრად გამოხატული გვალვებით და მაღალი ტემპერატურებით ხასიათდებოდა, 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდი პირიქით, უხვნალექიანობით, დაბალი ტემპერატურებითა და ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობით გამოირჩეოდა. ამას თან ახლდა დღეღამური ტემპერატურების მკვეთრი მერყეობა. მაგალითად, 14 ივნისს მზეზე დაფიქსირდა +35+360C; მეორე დღეს კი ტემპერატურა +18+190C-მდე დაეცა. ტემპერატურის ასეთ რყევას მოყვა მაგნიტური ქარიშხალი, რამაც გამოიწვია კულტურული ნარგავების და მათ შორის თხილის კულტურის მექანიკური დაზიანება, ტოტების ხლეჩვა, ნაყოფების ცვენა. ანალოგიური  მდგომარეობა დაფიქსირდა 16 მაისს, 14 აგვისტოს. 2016 წელს წვიმიან დღეთა რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა.

კლიმატური პირობების ასეთი ცვლილების ფონზე განსაკუთრებით საშიში გახდა მავნებელ-დაავადებათა გააქტიურება, გაძნელდა მათ წინააღმდეგ ბრძოლა.

თხილის კულტურაზე გამოვლენილი 300 მავნებლიდან საქართველოში 100-ზე მეტი სახეობაა აღნიშნული. მათ შორის დიდი უარყოფითი ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა სხვადასხვა სახის ფოთლიჭამია, ჩრჩილები, მზომელები, ბუგრები, ხარაბუზები, ამერიკული თეთრი პეპელა, ტკიპები, ცხვირგრძელები და სიდამპლის გამომწვევი სოკო-ორგანიზმები. დასავლეთ საქართველოში აღნიშნულია 20-ზე მეტი დაავადება, რომელთაგან აღსანიშნავია ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლეები, ფოთლის სილაქავე, ფუზარიუმი. ბოლო ხანებში აღინიშნა ტრაქეომიკოზური ვერტიცილური ხმობა, ფოთლის ვირუსული დაავადებანი და სხვა. ამ მრავალფეროვანი სახეობების განვითარება-გამრავლება და ბრძოლის კალენდარული ვადები ხვადასხვაა, ამიტომ ის უნდა გაერთიანდეს კომპლექსურად და ჩატარდეს იმ ვადებში, რომელიც შეეფარდება ფოთოლმცვენ თხილის კულტურას.

დღეს, როდესაც საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფერმერები, გლეხები დასაქმებული არიან თხილის, ციტრუსების, ჩაის საექსპერტო პროდუქციის წარმოებაში. მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული თითოეული ამ კულტურის და მავნე ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებანი, მათი ადაპტირების უნარი აგროკლიმატური რისკ-ფაქტოტების მიმართ. თითოეული ფერმერი და გლეხი მზად უნდა იყოს შეებრძოლოს  მოსალოდნელ კლიმატურ რეალობას, იცოდეს როდის რა გააკეთოს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად. ყველაფერი რომ რიგზე არა აქვთ ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს, ამაზე მეტყველებს 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდში განვითარებული არასტაბილური კლიმატური ფაქტორების მიერ თხილის პლანტაციების დაზიანებისა და თხილის მოსავლის შემცირების საყოველთაო მოვლენა.

ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშენებული თხილის ბაღები რომ აკმაყოფილებდნენ სტანდარტულ პირობებს. თხილის პროდუქციაზე მაღალი შესასყიდი ფასების გამო მოსახლეობამ სპონტანურად დაიწყო ბაღების გაშენება – ნიადაგის წინასწარი შესწავლა-მომზადების, დარაიონებული ჯიშების გაშენებისა და მოვლა-მოყვანის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობით. შედეგად რა მივიღეთ? სუსტად განვითარებული პლანტაციები, ხელმეორედ დაჭაობებული ფართობები, გამჟავებული ნიადაგები. 4-5-წლიან ბაღებში მასიურად შეიმჩნევა დაკოჟრილი, მღიერებით და ხავსმოკიდებული, წვეროებწამხმარი თხილის ღეროები-მოსავალი კი დაბალი და არასტანდარტული.

ჩვენ არ გვინდა ამით გავაღიზიანოთ მოსახლეობა, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება თხილის პროდუქციაზე ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს, უნდა დავფიქრდეთ და  პლანტაციების გაშენებისას ვიხელმძღვანელოთ მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.

თხილის პლანტაციების გაშენების, მოვლისა და ექსპლოატაციის პროცესებში დაშვებული შეცდომები თვალნათლივ გამოჩნდა 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდში, როდესაც ივნის-ივლის-აგვისტოს თვეში განვითარებულმა არასტაბილურმა კლიმატურმა პირობებმა მასიურად ხელი შეუწყო მავნებელ-დაავადებათა ინტენსიურ განვითარებას. განსაკუთრებით მასიურად გამოვლინდა თხილის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე და თხილის ნაცარი. მიუხედავად იმისა, რომ თხილის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები, სააქციო საზოგადოებები ნარგავეს წამლავდნენ, ზარალი მაინც მნიშვნელოვანი იყო, ხოლო იმ ნაკვეთებში, სადაც ნარგაობა სუსტად განვითარებული და შეუწამვლელია ნაცრისფერი სიდამპლითა და ნაცრით განადგურდა არა მარტო მოსავალი, არამედ მცენარეთა აქტიური ვეგეტატიური ყლორტებიც კი. დაავადებათა გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო ზედმეტად ხშირმა ნარგაობამ, გადაზრდილმა ტოტებმა, ვარჯში ჰაერაციისა და სინათლის დეფიციტმა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ თხილის ბაღების გაშენების დროს ოპტიმალური სიხშირე-გაადგილება და ყოველწლიურად ვარჯის გასხვლა-ფორმირება აუცილებელია.

საბაზრო ლიბერალიზაციის პირობებში ფერმერი უნდა მიეჩვიოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მკაცრი სტანდარტების დაცვას. ბაღის მეპატრონე, რომელიც დაუდევრობის გამო საკუთარ ბაღში არ ატარებს მონიტორინგსა თუ წამლობას, ამით ის ხელს უწყობს მავნებელ-დაავადებათა აქტიური კერის გაჩენას, რითაც ზარალდება მომიჯნავე წარმატებული ფერმერების კარგად მოვლილი და შეწამლული თხილის ბაღებიც კი. აქედან გამომდინარე მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა თხილის ბაღებში უნდა გახდეს საყოველთაო და აუცილებელი, როგორც ეს ციტრუსებშია.

დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს თხილის ბაღების შემოწმებას, რათა ქვეყანაში შემოჭრილი ახალი სახეობის მავნებელ-დაავადება არ იქნას აღნიშნული, რაზედაც მაშინვე განგაში უნდა ატეხოს მეპატრონემ.

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – თხილის კრეფის პერიოდი ივლისის მესამე დეკადა – აგვისტოს თვეა. თუ კი ამ პერიოდში კლიმატი ნაყოფის მშრალად შეგროვების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია სველი ნაყოფის ხელოვნურ გაშრობაზე გადაყვანა. სამწუხაროდ, თხილის ბევრ მწარმოებელს ხელოვნური შრობის საშუალება არ გააჩნია, ნახევრად სველ თხილის ნაყოფს ინახავს ტომრებში და შემდეგ გააქვთ სარეალიზაციოდ. 2016 წლის მოსავალში, რომელიც ასეთ პირობებში იყო დამზადებული, მიუხედავად ნაყოფის კარგი ვიზუალური შეხედულებისა, თხილის გულის მასიური დაავადება-ლპობა იქნა გამოვლენილი. ამ დროს თხილის გულში ვითარდება ობიანი სოკოები-მიკოტოქსინები (აფლოტოქსინი), რომლებიც წარმოადგენენ კანცეროგენულ ნივთიერებებს და იწვევენ თირკმლის კიბოს. სამწუხაროდ, საკარანტო ღონისძიებების გაუტარებლობამ გამოიწვია სოჭიდან საქართველოში საშიში პოლიფაგი მავნებლის – მარმარა ბაღლინჯოს (Hალყომორპჰა ჰალყს შტალ) შემოჭრა, რომლის დაზიანების შედეგად მცენარეთა ნაყოფები კარგავენ საბაზრო ღირებულებას.

მომავლში ბაღლინჯოს ეს სახეობა მოითხოვს ჩვენს პირობებში ბიოეკოლოგიის დეტალურად შესწავლას და ბრძოლის ღონისძიებების გატარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ გვინდა თხილის მაღალმოსავლიანი სტაბილური ბაღების გაშენება, მკაცრად უნდა დავიცვათ გაშენების, მოვლისა და ექსპლოატაციისათვის მეცნიერულად შემუშავებული რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ საკითხებს:

  • პლანტაციის გაშენებამდე მონიტორინგის ჩატარება ნაკვეთების შესარჩევად, პირველადი დამუშავება, ნიადაგის არეს (მჟავიანობა) რეაქციის შესწავლით;
  • ახალი პლანტაციის გასაშენებლად საღი (გაუვნებელყოფილი) ნერგების შერჩევა, რათა მავნე ორგანიზმებს არ მიეცეთ გავრცელების საშუალება.
  • თხილის ჯიშების ჰეტეროზიგოტულობის გამო, ახლადგაშენებულ პლანტაციებში დარღვეულია კულტურის ჯიშობრივი სიწმინდე, სარგავი მასალის სტანდარტულობა და კრიტერიუმები, რომლებიც ხელს უშლიან თხილის მაღალი მოსავლის მიღებას და ნაყოფების ხარისხის შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან;
  • პლანტაციების ოპტიმალური სიხშირე-გაადგილების დაცვა;
  • ახალგაზრდა და ზრდასრულ პლანტაციაში ვარჯის გამოხშირვა, გასხვლა-ფორმირება;
  • ნიადაგის დამუშავება, განოყიერების დიფერენცირებული სისტემის გამოყენება;
  • საჭიროების შემთხვევაში მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება კალენდარული ვადების დაცვით;
  • თხილის ნაყოფების დამზადება, შრობა, რეალიზაცია;
  • შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ნარგავების გაწმენდა, გასუფთავება, გამხმარი და ნასხლავი ტოტების გამოტანა თხილნარების გარეთ და დაწვა. ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანა და ნიადაგში ჩაკეთება;
  • კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბაღის ფიტოსანიტარული მონიტორინგის ჩატარება, ნიადაგის ქიმიური ანალიზის ჩატარება-დიაგნოსტირება.

აი ეს საკითხები მებაღეებმა უნდა იცოდნენ და დაუყოვნებლივ ასრულებდნენ. ამ თემებზე გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, ინსტრუქციები. ტარდება ტრენინგები. პრაქტიკული დახმარებისთვის მათ შეუძლიათ მიმართონ რეგიონალურ საკონსულტაციო სამსახურებს და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, რომლებიც მათ აღმოუჩენენ კვალიფიციურ დახმარებას.

ოზურგეთი – ანასეული  

 

გადაბეჭდვის წესი