სიახლეები

მორწმუნეები მუსლიმთა სამმართველოს რეორგანიზაციას ითხოვენ

29.01.2014 • 1696
მორწმუნეები მუსლიმთა სამმართველოს რეორგანიზაციას ითხოვენ

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის აჭარაში ჯემალ პაქსაძისთვის სრულიად საქართველოს მუფთად არჩევის მისალოცად ჩამოვიდა, რაც მისთვის დიდი პატივია:

 

„გარდა ამ მოლოცვისა, გვქონდა სხვა საკითხებზეც საუბარი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც  საქართველოში იწვნიეს რელიგიურმა გაერთიანებებმა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში განიცდიდნენ პერმანენტულ დევნას. მათ მიიღეს მატერიალური და მორალური ზარალი.  საჭიროდ ჩავთვალე დეტალებში აგვეხსნა, თუ  რას წარმოადგენს ეს დადგენილება და რა ნაბიჯები შეიძლება  გადადგას სახელმწიფომ მომავალში რელიგიური უმცირესობების მიმართ.“

 

მინისტრის თქმით შეხვედრაზე მას მეჩეთის მშენებლობის ადგილზეც ჰკითხეს:

 

„ნამდვილიად ვიცი, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, მე  ვიცი, რომ გადაწყვეტილია, თუმცა ნამდვილად არ ვიცი ადგილი.  მიმდინარეობს ადგილის მოძიება. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია.“

 

ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით კი ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მინისტრთან ისაუბრეს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გაყოფა იყო. მუფთის თქმით მათი თხოვნაა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძველი სტატუსი იყოს შენარჩუნებული. გარდა ამისა, მათ აქვთ პრობლემა სამმართველოს დამფუძნებლებთანაც. ამაზე შეხვედრის სხვა მონაწილეებიც საუბრობენ.

 

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ არსებული მუსლიმთა სამმართველო არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც ჩვენ მივიჩნევთ სწორად. ეს სამმართველო არ არის მუსლიმების დაფუძნებული. ჩვენ მოვითხოვეთ მისი რეორგანიზაცია, რადგანაც ის სახელმწიფომ  დააფუძნა და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მისი რეორგანიზაცია. დაგვპირდნენ, რომ ასეც იქნება. მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ არჩეულია სრულიად საქართველოს მუფთი. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მუფთი ვერ იქნება არჩეული, რადგან მახინჯ ორგანიზაციაში ვერ მოხდება მისი არჩევა. პიროვნებასთან არ გვაქვს პრობლემა, მთავარია ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ვუთხარით ისიც, რომ აღნიშნული სამმართველოს დაფინანსებაც ვერ იქნება სწორი იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად ეს არ ემსახურება მუსლიმ თემს. “  _ ამბობს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“  ხელმძღვანელის მოადგილე ტარიელ ნაკაიძე.

 

სამმართველოს რეორგანიზაციის მოთხოვნას მინისტრი პასუხობს:

 

„შესაძლებელია რეორგანიზაცია, ამაში ტრაგედია არ არის. არსებობს სამმართველო, რომელზეც უკვე მიბმულია მრავალი სამართლებრივი კონტექსტი. შესაბამისად მე მივიჩნევ, რომ საჭიროა მისი რეორგანიზება გარკვეული მიმართულებებით. შესაძლებელია წესდებაც გადაიხედოს, შესაძლოა ამა თუ იმ დამფუძნებლის მიზანშეწონილებაზეც იყოს საუბარი, მაგრამ ეს სამსჯელოა. მე არ ვთვლი, რომ ორგანიზაციული და სამართლებრივი პრობლემები შეიძლება გადაულახავი იყოს, როცა არსებობს პოლიტიკური ნება ცვლილებები განხორციელდეს. “

 

რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის სავარაუდო ადგილს, მუფთის თქმით „იგეგმება ახალი, გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობა. ადგილმდებარეობაზე საუბარს ნუ ვიჩქარებთ. ეს  იქნება არამარტო მეჩეთი, ეს იქნება  მიმზიდველი ადგილი სხვა ქვეყნის ტურისტებისა და ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ხალხისთვის. წინ ამის ფაქტები გვიდევს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი იქნა მინარეთი. ორი დღის წინ ბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა დაფინანსების საკითხი. იმედია მომავალშიც ყველაფერი იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ჩვენი მრევლი და რელიგიათა საბჭო ჩათვლის. გაკეთდეს ისე, რომ ისლამი იყოს ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოში. ამ ქვეყნის მშენებლები იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან ქართველი მუსლიმები. “- ამბობს მუფთი ჯემალ პაქსაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: