მთავარი,სიახლეები

ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“

08.03.2017 • 2942
ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“

გამოძიებას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე არაფერი დაუდგენია ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საქმეზე. ამასობაში „სლავა 2015“-მა სასამართლო დავა თავად დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე, ვაჟა-ფშაველას 13-ში, კომპანია „სლავა 2015“ კორპუსის აშენებას ისევ გეგმავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სლავა 2015“ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც 2015 წელს კომპანიას უარი უთხრა მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ხოლოს გასაჩივრების შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ [ამ უწყებას ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აჭარაში].

კომპანია მიიჩნევს, რომ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, სააგენტოს უნდა გაეცა ნებართვა კორპუსის მშენებლობაზე.

„ასე მოხდებოდა სახლის ფასადის შენარჩუნება, მოსახლეობის ინტერესიც დაკმაყოფილდებოდა და მენაშენისაც“, – ამბობს გურამ ღოღობერიძე, შპს „სლავა 2015“-ის იურისტი. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ 2015 წლის აპრილში სააგენტოსგან ინფორმაცია გამოითხოვა და მიიღო პასუხი, რომ სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, ხოლო სტატუსი მიენიჭა იმავე წლის 2 ივლისს, როცა სახლი, ფაქტობრივად, დანგრეული იყო.

„ამ დროისთვის სახლი დანგრეული არ იყო. სააგენტო სხვა პასუხს ვერ გასცემდა აპრილში კომპანიას, როცა სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ადმინისტრაციული საქმისწარმოების შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ უნდა მისცემოდა“, – ამბობს თამარ სირია, აჭარის განათლების სამინისტროს იურისტი.

სასამართლო პროცესზე მხოლოდ თამარ სირია გამოცხადდა. კიდევ ერთი მოპასუხე ამ პროცესში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელიც სასამართლოში არ მივიდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი განუმარტავს. სასამართლოში სხდომას არც კომპანია „სლავა 2015“-ის წარმომადგენელი დაესწრო. პროცესის დაწყებამდე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კომპანიისგან მიღებული წერილი წაიკითხა, რომ იურისტი სხდომას ოჯახური პრობლემის გამო ვერ დაესწრება, ხოლო სარჩელი შესაძლოა გაიტანონ, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია საქმეს მოიგებს.

თბილისის სასამართლოს სარჩელით მოსახლეობამ მიმართა, ვინც ვაჟა-ფშაველას 13-ში ცხოვრობდა სახლის უკანონო დანგრევამდე. ამჯერად დავის საგანი ისტორიული სახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერების დადგენაა. მოპასუხე ძეგლთა დაცვის სააგენტოა. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო 25 აპრილს განიხილავს.

„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, მაშინ დავას ბათუმის სასამართლოში აღარ ექნება აზრი“, – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ ღოღობერიძემ, კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა. ამ შემთხვევაში კომპანია მიიჩნევს, რომ იოლად მიიღებს ნებართვას, რადგან სტატუსი ხელშემშლელი გარემოება აღარ იქნება.

კომპანია სასამართლო პროცესების დასრულებამდეც აპირებს კორპუსის მშენებლობაზე მიიღოს ნებართვა. გურამ ღოღობერიძემ გვითხრა, რომ პროექტით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მიმართა: „ალბათ გვექნება შეხვედრა სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან უახლოეს პერიოდში. ახალი პროექტის მიხედვით, აღვადგენთ სახლს, რაც დაინგრა და აშენდება მრავალსართულიანი კორპუსიც. ძეგლის ინტერესებიც დაცული იქნება ასე და მენაშენისაც“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე შპს „სლავა 2015“-ს პროექტი ვაჟა-ფშაველას 13-ში მშენებლობაზე მათთან განსახილველად არ შესულა.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

vajas 13

ისტორიული სახლი ვაჟა-ფშაველას 13-ში. 2015 წლის ოქტომბერი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: