მთავარი,სიახლეები

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

07.03.2017 • 4568
პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი სახელმწიფომ ერთ-ერთ ოჯახს ჩამოართვა.

2010 წელი. გულიკო ვარშალომიძის სახლის დანგრევა

2010 წელი. გულიკო ვარშალომიძის სახლის დანგრევა

ზღვის სანაპიროს გასწვრივ, კახაბრის დასახლებაში გასხვისებული 15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი – 1900 კვადრატული მეტრი, რომელზეც ორსართულიანი სახლიც იდგა, გულიკო ვარშალომიძეს ექსპროპრიაციის გზით 2010 წელს ჩამოართვეს, გზისა და ახალი ბულვარის გაგრძელების მოტივით. 2011 წელს აჭარის მთავრობის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, 15 000 კვადრატული მეტრი მიწა, მისი მამიდის – გულიკო ვარშალომიძის ოჯახის მიწის ჩათვლით, კომპანია „სისთემ ინშაათს“ გადასცა.

აჭარის მთავრობამ ეს ნაკვეთი „სისთემ ინშაათისგან“ 2012 წელს დაიბრუნა.

გულიკო ვარშალომიძის შვილი, დავით დიასამიძე ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის ორივეჯერ გასხვისება კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. მართლაც, 2014 წლის 25 დეკემბერს, არჩილ ხაბაძის ბრძანებით, „რეკან გრუპ ჯორჯიასთან“ 3 000 000 დოლარზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები დღემდე მრავალგზის შეიცვალა. „რეკან გრუპ ჯორჯია“ ამ გარიგებამდე 2 დღით ადრე – 2014 წლის 22 დეკემბერს დააფუძნა თურქეთის მოქალაქემ.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს სამი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარი შემდეგი გრაფიკით უნდა გადაეხადა: „ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში არანაკლებ 150 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში – არანაკლებ 350 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; ექვსი თვის შემდეგ და არაუგვიანეს სამი წლის ვადაში კი დარჩენილ თანხა“.

 

ხელშეკრულების მიხედვით ამ ტერიტორიაზე 2017 წლის 25 დეკემბრამდე სასტუმრო კომპლექსი და აპარტამენტები უნდა აშენდეს

ხელშეკრულების მიხედვით ამ ტერიტორიაზე 2017 წლის 25 დეკემბრამდე სასტუმრო კომპლექსი და აპარტამენტები უნდა აშენდეს

ამავე ხელშეკრულებით მყიდველი ასევე ვალდებული იყო: ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მოეპოვებინა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა და დაეწყო მშენებლობა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა მრავალფუნქციური ნაგებობის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა. 36 თვეში – ექსპლოატაციაში უნდა შეეყვანა შენობა-ნაგებობა არანაკლებ 7 700 კვადრატული მეტრი სასტუმრო კომპლექსი, არანაკლებ 39 000 მეტრი ფართობი აპარტამენტები, არანაკლებ 5 000 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი, 13 400 კვადრატულ მეტრზე უნდა მოეწყო არანაკლებ 400 ავტომანქანაზე გათვლილი დახურული ტიპის პარკინგი. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი ასევე  ვალდებული იყო განეხორციელებინა არანაკლბ 50 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. ის ასევე 490 მოქალაქის დასაქმების ვალდებულებასაც იღებდა.

დღეის, ანუ 2017 წლის 7 მარტის მდგომარეობით, გასხვისებულ ტერიტორიაზე ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ შესრულებულა. როგორც დავით დიასამიძე ამბობს, ამ ნაკვეთის მიმდებარედ, ზღვისპირა ზოლიდან, ინვესტორმა თითქმის ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ინერტული მასალა ამოიღო და გაყიდა, რაც კანონით დაუშვებელია.

[red_box]პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ ინვესტორს ნდობა გამოუცხადოს – პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2015 წლის 16 ივნისს შევიდა, რომლითაც განისაზღვრა, რომ „არაუგვიანეს 2015 წლის 25 აგვისტოსი, უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება“.

[red_box]მეორე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

შემდეგი ცვლილება ხელშეკრულებაში შევიდა 2015 წლის 8 დეკემბერს. ამ ცვლილების ჩანაწერით კომპანია გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმებისგან იმ პირობით, რომ დროულად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც ხელშეკრულებით აქვს აღებული.

[red_box]მესამე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

2016 წლის 21 მარტს აჭარის მთავრობამ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა კომპანია დარიცხული ჯარიმებისგან. იმავე ცვლილების მიხედვით, კომპანიას თანხის გადასახდელად განუსაზღვრეს შემდეგი გრაფიკი: 2016 წლის 1-ელ მაისამდე 500 000 დოლარი; 25 ივნისამდე – 500 000 დოლარი; 25 დეკემბერი – 500 000 დოლარი; 2017 წლის 25 ივნისისთვის, – 500 000 დოლარი; 25 დეკემბრამდე – 500 000 დოლარი.

ამ ხელშეკრულებაში შესულია კიდევ ერთი ცვლილებაც – პარკინგის რაოდენობა 400-დან შემცირებულია 308-მდე.

[red_box]მეოთხე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

ხელშეკრულების კიდევ ერთხელ შესაცვლელად ბრძანება აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, არჩილ ხაბაძემ 2016 წლის 28 მარტს გამოსცა – კვლავ თანხის გადახდის გრაფიკი დააზუსტა: 2016 წლის 1-ელ მაისამდე 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარი; 25 ივნისამდე – 500 000 დოლარი; 25 დეკემბერი – 500 000 დოლარი; 2017 წლის 25 ივნისისთვის, – 500 000 დოლარი; 25 დეკემბრამდე – 500 000 დოლარი.

[red_box] მეხუთე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

2016 წლის 31 აგვისტოს უკვე აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების პირობები კიდევ ერთხელ იცვლება: შესაბამისი აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში არანაკლებ 1 000 000 დოლარის ექვივალენტი ლარი უნდა გადაიხადოს კომპანიამ; არაუგვიანეს 2016 წლის 25 დეკემბრისა – 500 000 დოლარი, არაუგვიანეს 2017 წლის 25 ივნისისა – 500 000 დოლარი, არაუგვიანეს 25 დეკემბრისა – 500 000 დოლარი.

[red_box]მეექვსე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

2016 წლის 8 სექტემბერს ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შედის – კომპანიას კვლავაც ჩამოაწერეს ის ჯარიმები, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის დაეკისრა, ხელშეკრულების შესრულების ვალდებულების პირობით.

[red_box]ექსპროპრიაცია[/red_box]

კახაბერში არსებული 15 000 კვადრატული მეტრი მიწა, როგორც უკვე ვთქვით, პირველად აჭარის ხელისუფლების ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ კომპანია „სისთემ ინშაათს“ გადასცა 1 ლარად. 2012 წლის 15 აგვისტოს, ანუ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ლევან ვარშალომიძემ „სისთემ ინაშაათისთვის“ ქონების გადაცემის ბრძანება თავისივე ახალი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა.

დავით დიასამიძეს სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა ქონების დაბრუნების იმედი, მაგრამ ეს იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მიწა უკვე მეორედ სხვა კომპანიას – „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ არჩილ ხაბაძემ მიყიდა.

დავით დიასამიძე ირწმუნება, რომ ხელშეკრულებების შეცვლის პროცესში კომპანიას 500 000 დოლარით შეუმცირეს გადასახდელი თანხა. მისი აზრით, ეს დასტურდება 2016 წლის 21 მარტის ბრძანებით.

IMG_20170307_121634IMG_20170307_121727IMG_20170307_121753ამის გასარკვევად „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მიმართა. სამინისტროდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 3 000 000 აშშ დოლარიდან დარჩენილი გადასახდელი საპრივატიზებო საფასური შეადგენს 1 500 000 აშშ დოლარს“.

დავით დიასამიძემ ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის, ან შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნით ბათუმის მერიას მიმართა.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა დიასამიძეს მიწერა, რომ „ფიზიკური პირის, დავით დიასამიძის მიმართ ექსპროპრიაცია არ განხორციელებულა“.

არადა, 2010 წლის 2 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში [სააღსრულებო ფურცელი ბათუმის მერიის მიმართვის საფუძველზე გამოიცა], წერია, რომ იმ 37 ოჯახს შორის, რომლებსაც ქონება ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოერთვას, არის დავით დიასამიძეც. ის სიაში მე-8 ნომრად არის შეყვანილი.

დავით დიასამიძე ამბობს, რომ ყველა ოჯახს, ვისაც ექსპროპრიაციის წესით ქონება ჩამოართვეს, სახელმწიფომ კომპენსაცია მისცა. გამონაკლისი მხოლოდ დავით დიასამიძის დედა იყო, იგივე ლევან ვარშალომიძის მამიდა – დავით დიასამიძე ამბობს, რომ თავის ნათესავ მთავრობის თავმჯდომარესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომაც დასაჯეს და დატოვეს კომპენსაციის გარეშე.

უკვე წლებია დავით დიასამიძე თავისი ქონებრივი უფლების დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს. ამ საკითხში დავით დიასამიძემ დახმარება სთხოვა როგორც არჩილ ხაბაძეს, ისე ზურაბ პატარაძეს. ზურაბ პატარიძისადმი გაგზავნილ წერილში დავით დიასამიძე წერს, რომ ჩამორთმეული ქონება – მიწა და საცხოვრებელი სახლი სახელმწიფომ მის მამას, ისმეთ დიასამიძეს გადასცა აკადემიკოსის ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დავით დიასამიძე

დავით დიასამიძე

ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, კახაბრის თემში მიწა პირად სარგებლობაში მართლაც ისმეთ დიასამიძეს ჰქონდა. სახლის აგების თარიღად მითითებულია 1995 წელი, ხოლო სახლის ზომა არის 140 კვადრატული მეტრი. დოკუმენტი არქივს გაცემული აქვს 2009 წლის 4 თებერვალს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: