მთავარი,სიახლეები

2885 დაუჯილდოებელი მოსწავლე – განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს ხელახლა შეისყიდის

07.03.2017 • 16689
2885 დაუჯილდოებელი მოსწავლე – განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს ხელახლა შეისყიდის

საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, 2015 -2016 სასწავლო წლის და წინა წლების კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ გადასცა. სამინისტროს განცხადებით, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა: მოწოდებული იქნა გათვალისწინებულთან შეუსაბამო მედლები, რის შედეგადაც დაუჯილდოებელი დარჩა 1871 ოქროსა და 1014 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე.

სამინისტრო 1 871 ოქროს [მოოქროვილ] და 1 014 ვერცხლის [მოვერცხლილ] მედალსა და 2 885 მედლის ჩასადებ ყუთში 155 ათასი ლარის გადახდას, ამჯერად ტენდერის გარეშე გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, „მოსწავლეები, რომელთაც დაიმსახურეს აღნიშნული ჯილდო, აგრეთვე მათი მშობლები, სისტემატურად გამოხატავენ უკმაყოფილებას და ითხოვენ დროულად განხორციელდეს სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება… მედლების გადაცემის მიზნით შესყიდვა უნდა განხორცილლდეს უმოკლეს ვადაში… ამასთან, საჭიროა მედლების სრული რაოდენობა, რადგან დაუშვებელია მედლებით მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილის დაჯილდოება და მათი რაიმე ნიშნით დაყოფა…. რაც შეეხება 2016-2017 სასწავლო წლის ფარგლებში გადასაცემი მედლების შესყიდვას, განხორციელდება ტენდერის მეშვეობით“.

საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები დაუჯილდოებელი დარჩნენ არასწორად განსაზღვრული მედლის ტიპის, გვარში დაშვებული ტექნიკური შეცდომის და სხვა მიზეზების გამო. „სამინისტრომ მიმდინარე წელს გაიარა შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები. ჩამოყალიბდა მედლების ახალი მახასიათებლები და დამზადების ტექნოლოგია ისე, რომ შესყიდვისას მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უხარისხო მედლის მიღება,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გასული წლის ბოლოს ტენდერში გამარჯვებულ შპს „სახელოვნებო სტუდია სამებას“, სამინისტროსთვის 2 772  ოქროსა და ვერცხლის მედალი და ამდენივე ჩასადები ყუთი უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულება 51 975 ლარზე იყო გაფორმებული.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მას უხარისხო მედლები მიაწოდა. აღნიშნულ კომპანიას კი დოკუმენტებში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ვერ დავუკავშირდით.

დაზარალდა თუ არა ბიუჯეტი? – შესყიდვების გვერდზე ჩანს, რომ კომპანიისთვის [სახელოვნებო სტუდია „სამება“] თანხა გადარიცხული არ არის. „გარდა იმისა, რომ თანხა არ არის გადარიცხული, კომპანიას პირგასამტეხლოც დაეკისრა,“ – გვითხრეს სამინისტროში.

მედლების შესყიდვა, წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: