მთავარი,სიახლეები

„ქალის სურნელი“ – გახდი სუნამოების დამზადების თვითმხილველი და მფლობელი [ანონსი]

06.03.2017 • 2722
„ქალის სურნელი“ – გახდი სუნამოების დამზადების თვითმხილველი და მფლობელი [ანონსი]

2017 წლის 7 მარტს, 17 საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება – ,,ქალის სურნელი’’. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აჭარის მუზეუმებში დაცული უძველესი საფერუმარილე ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, რაშიც ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე სურნელოვანი ზეთები ინახებოდა.

ორგანიზატორთა თქმით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ სუნამოს შექმნისა და დანიშნულების ისტორია, მის განვითარების გზებსა და მნიშვნელობაზე საბერძნეთსა თუ რომში, ეგვიპტესა თუ საქართველოში. გაჟღერდება ბევრი ისეთი ფაქტი, რომლებიც დღემდე  უცნობია საზოგადოებისათვის:

  • რატომ იყო მე-19 საუკუნეში აჭარაში სუნამო აუცილებელი ატრიბუტი მზითევის სიაში;
  • როგორ იქცა ქართველი ემიგრანტი გიორგი მაჩაბელი [„პრინცი მაჩაბელი“]  ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

ღონისძიებაზე მისული ყველა სტუმარი გახდება მყარი და თხევადი სუნამოების დამზადების ტექნოლოგიის თვითმხილველი და ამავე სუნამოების მფლობელიც.

ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის, ძმები ნობელებისა  და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმების ჩართულობით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.

გადაბეჭდვის წესი