სიახლეები

წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

06.03.2017 • 4310
წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ბათუმში (ჰილტონთან, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ბათუმის პორტთან), ერთი შეკვეთილში, ერთი ყულევში, ერთი მდინარე სუფსის შესართავთან.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით, დღეს მათ ცხელ ხაზზე კიდევ ერთი შემთხვევის (მდინარე ჭოროხის შესართავთან) შესახებ შევიდა ინფორმაცია, რომლის სიზუსტესაც ამ დროისთვის სააგენტოს სპეციალური ჯგუფი ამოწმებს .

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით,  ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის  მიზეზები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

„რამდენიმე მიზეზი არსებობს, ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, ნავიგაციური ტრავმა, პათოლოგიური მიზეზი (დაავადება) და სათევზმეურნეო ტრავმა, როცა ბადეში მოყვება დელფინი, ძირითადად ეს ოთხი მიზეზია. არსებობს სპეციალური ალბომი და ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რა მიზეზით არის გამორიყული დელფინი. არის შემთხვევები, როცა იმდენად არის ზღვის ძუძუმწოვარი დაზიანებული, რომ ამის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ის მიზეზები, რაც ჩვენ ვნახეთ და აღვწერეთ, როგორც წელს, ისე წინა წლებში, მიეკუთვნებოდა პათოლოგიას, მაგრამ ზუსტად რომელი დაავადებაა, ამას სჭირდება ნეკროფსია (კვლევა). ამის ტექნიკური შესაძლებლობები ჩვენ არ გვაქვს,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტო, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს საქართველოს სანაპიროზე კვლევების პროგრამის შემუშავებაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის ზუსტი მიზეზების დადგენა.

ზღვის ძუძუმწოვრების სიკვდილის პათოლოგიური მიზეზი გულისხმობს რომელიმე დაავადებას, ინფექციას ან ორგანიზმში სხვა სახის პათოლოგიურ ცვლილებას – „ეს შეიძლება დაბინძურებიდან გამოწვეული პათოლოგიაც იყოს, ან ინფექციიდან გამოწვეული პათოლოგია –  ვირუსული ინფექცია, მაგალითად სოკოვანი ან პარაზიტოზი, გამოწვეული სხვადასხვა პარაზიტული ორგანიზმებით.“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით, ძუძუმწოვრების გამორიყვა ძირითადად მარტის დასაწყისიდან იწყება, თუმცა წელს  თებერვლის მეორე დეკადიდან დაიწყო, რაც იშვიათი და საგულისხმო ფაქტია.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან, გამორიყვის ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: