130 ათასი ლარის შესყიდვები ტენდერის გარეშე – საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას ითხოვს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 130 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვებს, დიდი ალბათობით, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის მისაღებად სასამართლომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. სასამართლო მიუთითებს, რომ ეს თანხა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ორგანიზება-ჩატარებისთვისაა საჭირო.

სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აირჩიეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით და შემაჯამებელი ღონისძიების [XVII კონგრესის] ჩატარება ქალაქ ბათუმშია დაგეგმილი; ღონისძიებაზე მოწვეულია 41 წევრი ქვეყნის საკონსტიტუციო ან კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ექვივალენტური სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის დელეგატები. კონგრესი ბათუმში 2017 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

„ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება საჭიროებს გარკვეული შესყიდვების სწრაფ ტემპში განხორციელებას. კონგრესი იმართება რამდენიმე ოფიციალურ [ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ] ენაზე და შესაბამისად ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს თარგმანის მომსახურება, [როგორც სინქრონული, ასევე წერილობითი] რომელიც ხორციელდება ერთი უცხო ენიდან მეორეზე [მაგალითად, ინგლისურიდან ფრანგულზე, ფრანგულიდან გერმანულზე და ა.შ.]. ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, გამოიყენება არარეზიდენტი პირების მომსახურება, რაც პრობლემას უქმნის შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერით ჩატარებას, საქართველოში მსგავი თარგმანის მომსახურების არათუ შესყიდვა, არამედ თავად თარჯიმნის პოვნა შეუძლებელია. კონგრესის მსვლელობისას შეიძლება სათარგმნი და დასაბეჭდი გახდეს კონგრესის სამუშაო მასალები, მოსაწვევების თარგმნა და დამზადება უნდა განხორცილდეს უმოკლეს ვადებში მოწვეული სტუმრების დროულად ინფორმირების მიზნით“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე გაწეული ხარჯების ძირითადი ნაწილი, გარდა კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებებისა, ნაწილდება მონაწილე ქვეყნებზე და უბრუნდება საქართველოს ბიუჯეტს, სახაზინო სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com