მთავარი,სიახლეები

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

05.03.2017 • 4128
რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში  გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგს კი თხრიან და იმ პარკში გადასატანად ამზადებენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს.

გადასატან ხეებს მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე თხრიან. ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს. ეს ტერიტორია,12 იანვარს, როცა ხეებს მოჭრა-გატანა განაახლა ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ აჭარის ქონება იყო.

IMG_20170305_093419

ამ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ყოფილი სანატორიუმები – „მზიური“ და „მახინჯაური“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით შარშან გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელიც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით: 33 530 კვ/მ და 2255 კვ/მ შენობა-ნაგებობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა [ზურაბ პატარაძე] და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის [რამაზ ბოლქვაძე] ბრძანებების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, 3,9 მილიონ ლარად, პირობებით, 16 სექტემბერს გაიყიდა. მყიდველი კომპანია „სტატოტელია“.

რაც შეეხება ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“, 413 კვ/მ ფართობის ორსართულიან შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე [32 171 კვ/მ მიწის ნაკვეთი] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობადებული აუქციონი 2016 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, აუქციონი ამავე თვის ბოლოს დასრულდა და ქონება 1 მილიონ 125 ათას ლარად გაიყიდა. ეს თანხა მყიდველმა ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. ამასთან განახორციელოს 2 მილიონი ლარის ინვესტიცია 3 წლის განმავლობაში.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში აქ არანაკლებ 10 კოტეჯი, კემპინგი, სასეირნო ბილიკები და კაფე-ბარი უნდა მოაწყოს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირობით, საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის 50%-ზე რეკრეაციული ზონა უნდა მოაწყოს. ამ პირობის მიუხედავად, ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-მოთხრას რითი ხსნის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი? – კითხვაზე პასუხი “ბათუმელებმა” რამაზ ბოლქვაძისგან ვერ მიიღო. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობს 4 ეკომიგრანტი ოჯახი, რომელთა ბედიც ამ დრომდე გაურკვეველია. მათთან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საგარანტიო ხელშეკრულება არც აჭარის მთავრობას აქვს გაფორმებული და არც ინვესტორი დაავალდებულეს ეზრუნა ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებაზე. აქ შესახლებულების თქმით, იციან, რომ ტერიტორია გაიყიდა, თუმცა ვინ იყიდა და მათ რას უპირებენ, ეს არ იციან.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის. 13 იანვრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია უკვე ამ კომპანიის საკუთრებაშია.

დოკუმენტების მიხედვით,  შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე  4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს დაარეგისტრირა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც და დირექტორიც ნატალია ტოვკაჩი იყო, თუმცა სულ რაღაც 2 თვით.

2016  წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც უკვე ირაკლი სირაძეა. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა.

ირაკლი სირაძე ასევე ფლობს შპს „ATA Partners“-ის წილის – 50, ხოლო შპს „სოლუშენს ვესტ“-ის წილის 25 პროცენტს.

„კოლხიდა“, „მზიური“ და „მახინჯაური“ იმ 21 ობიექტში შედიოდა, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. კომპანიამ ამ ქონების ნაწილი კი, 2016 წელს უკან დააბრუნა.

IMG_20170305_093906

ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ხეებს შეკვეთილში გადასატანად ამზადებენ / 5.03.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170305_093528IMG_20170305_093859IMG_20170305_094518

IMG_20170305_095134


ამავე თემაზე:

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: