მთავარი,სიახლეები

ვინ აგებს პასუხს, როცა საერთო საკუთრება ზიანდება

03.03.2017 • 3446
ვინ აგებს პასუხს, როცა საერთო საკუთრება ზიანდება

ჯავახიშვილის 74-ში, ამხანაგობა „ნუგეშის“ თავმჯდომარეს გაფრთხილება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩააბარა. გაფრთხილებაში წერია, რომ ამხანაგობამ „მობინადრეთა მიერ თვითნებურად გაუქმებული ბარდიური“ უნდა აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

„როგორ გვაჯარიმებს მერია ყველას, როცა არავის გაურკვევია, ვინ მოშალა ბორდიური? იქნებ სრულიად სხვა ეზოს მცხოვრებმა მოშალა“, – კითხულობს თალიკო რუხაძე. იგი ამხანაგობა „ნუგეშის“ ხელმძღვანელია. ამბობს, რომ პოლიციას, ასევე მერიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მოშალა მისი ინფორმაციით ბორდიური, მაგრამ რეაგირების სახით მერიისგან გაფრთხილება მიიღო.

ჯავახიშვილის 74-ში გვითხრეს, რომ ბორდიური რამდენიმე თვეა მოშლილია და არ იციან, ვინ გააკეთა ეს. აქ მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ გამოძიებას შეუძლია ამის დადგენა. სამეზობლოს თქმით, ბორდიური წლების წინ მერიამ მოაწყო და ამხანაგობას გადასცა. ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

ბორდიურის ნაწილი კორპუსთან ისევ არსებობს. მეზობლების აღწერით, ბორდიურის საზღვარია შემცირებული და შიგნით შეწეული. „ათვისებულ ტერიტორიაზე“ ჩვენ გაჩერებული ავტომანქანები დაგვხვდა.

საია-ს იურისტი, ნიკა დუმბაძე მიიჩნევს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჯერ უდნა გამოეკვლია, ვინ მოშალა ბორდიური. მტკიცებულების გარეშე კი, კორპუსის ყველა მოსარგებლისთვის იმის დაბრალება, რომ ბორიდური მოშალა, არასწორია:

„მერიის გაფრთხილებაში პირდაპირ, მტკიცებით ფორმატშია საუბარი იმაზე, რომ მობინადრეთა მიერ გაუქმდა ბორდიური, თუმცა მტკიცებულებები არსად არაა წარმოდგენილი. მერიის გადასაწყვეტია, გამოძიებას ამ პროცესში ჩართავს თუ არა. საერთო საკუთრება არ ნიშნავს იმას, რომ სამეზობლოა პასუხისმგებელი იმაზე, რაც იქ ზიანდება. თუკი ბორდიური გაქრა, გამოდის, რომ ვიღაცამ ეს ქონება მიიტაცა. ეს უკვე დანაშაულია და ამას გამოძიება სჭირდება“, – ამბობს ნიკა დუმბაძე.

„ეს იყო გაფრთხილება და არა დაჯარიმება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეზოს მოსახლეობა გამოვიდეს კონტაქტზე, გავიგოთ, რა მოხდა რეალურად“, – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ. მისი თქმით, სამსახური იკვლევს, ვინ გააუქმა საერთო სარგებლობის ეზოში ბორდიური.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაირკვევა, ვინ მოშალა ბორდიური? – ზაალ მამუჭაძის თქმით, არც ამ შემთხვევაში დააჯარიმებენ ამხანაგობას: „გააჩნია ზარალს. თუ დიდია, პოლიციას მივმართავთ და ის გამოარკვევს. თუ არაა დიდი ოდენობის ზარალი, მაშინ ჩვენი ძალებით აღვადგენთ“.

IMG_20170303_155628

თვითნებურად დაპატარავებული ბორდიური ჯავახიშვილის 74-ში

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: