მთავარი,სიახლეები

კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად

03.03.2017 • 5365
კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სადოქტორო სკოლის – „დიგიტალური ჰუმანიტარია“ – პირველი შესარჩევი ტური მიმდინარეობს. წინა მოსამზადებელ ტურში გამარჯვება ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გაიარონ.

საერთაშორისო პროგრამის კონკურსში 11 უნივერსიტეტის [ექვსი საქართველოს და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის] სულ 61 სტუდენტი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე შვიდი კონკურსანტი უცხოელია, დანარჩენი ქართველი და ყველა მათგანი დაინტერესებულია იმუშაოს დიგიტალური ჰუმანიტარიის მიმართულებით.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის თქმით, კონკურსის პირველ ეტაპზე სულ 25 კონკურსანტი შეირჩევა, რომლებიც დიგიტალური ჰუმანიტარიის მიმართულებით სწავლებას გერმანიაში გაივლიან.

„კონკურსის ფარგლებში შერჩეული 25 სტუდენტი მომზადებას ფრანკფურტის უნივერსიტეტში გაივლის. 23-29 მარტს ჩაუტარდებათ ლექციები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაუღრმავდნენ საკვლევი თემის საკითხებს და დაამყარონ კონტაქტები ევროპელ კოლეგებთან. ფრანკფურტის უნივერსიტეტის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან ხანგრძლივ დროს მოიცავს. 1999 წლიდან მოყოლებული, სამეცნიერო პროექტების ფარგლებში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, ეს იყო ძირითადად არამარტო ქართული, არამედ კავკასიური ენების რესურსების გაციფრების პროექტები, რამაც ხელი შეუწყო ენების კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებას, “ – ამბობს მანანა თანდაშვილი.

ბათუმსა და თბილისში გამართულ წინა შესარჩევ ეტაპებზე გამარჯვებულ კონკურსანტებს შვიდწევრიანი კომისია გამოავლენს. კომისია სამი ქართველი, სამი გერმანელი პროფესორითა და სადოქტორო სკოლის კოორდინატორით დაკომპლექტდა. სადოქტორო სკოლის კოორდინატორი ბათუმის უნივერსიტეტში, პროფესორი რამაზ ხალვაშია.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლაში _ „დიგიტალურ ჰუმანიტარია“ წინაშესარჩევი ტური თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24-27 თებერვალს ჩატარდა. რაც შეეხება ბათუმის უნივერსიტეტს, აქ პირველ მარტს დაიწყო და დღეს, 3 მარტს დასრულდება.

პროექტს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გერმანული სამეცნიერო ფონდის – „Volkswagen stiftung“-ის დაფინასებით ახორციელებს. საერთაშორისო პროგრამის მიზანი ჰუმანიტარულ მეცნიერებაში  კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვა და ახალგაზრდა მკვლევრების მომზადებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: