აჭარის მთავრობა (2)

აჭარის მთავრობის სამმართველო თანამშრომელი ქალის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს ამჯერად სარჩელით სამმართველომ მიმართა. მოთხოვნა ასეთია: სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნება.

მოპასუხე აღსრულების ბიუროა, რადგან სწორედ მან ჩამოაჭრა სამმართველოს ოფიციალური ანგარიშიდან თანხა იძულების წესით, როცა ვახტანგ წულაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე უარი თქვა.

სამმართველოს დაახლოებით 20 ათასი ლარის გადახდა მოუწია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის. საუბარია სამმართველოში მომხდარ სექსუალურ ძალადობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი, 2014 წლის აპრილში, დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი” და “საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია” – ეს ფრაზები გათავისუფლების ბრძანებაში წერია.

ვახტანგ წულაძემ ის შტატიც გააუქმა, სადაც ორსული ქალი გათავისუფლებამდე მუშაობდა. სამმართველომ აღდგენილ თანამშრომელს განაცდური ახალი საშტატო ერთეულის მიხედვით გადაუხადა. აღმასრულებელმა სამმართველოს კიდევ დაახლოებით 2400 ლარი ჩამოაჭრა – ესაა სხვაობა, რომელიც გაუქმებულ და ახალ საშტატო ერთეულების სახელფასო განაკვეთებს შორის არსებობდა.

„დღემდე მიმდინარეობს ამ თანამშრომლის დისკრიმინაცია სხვადასხვა მეთოდით“, – ასე აფასებს სამმართველოს მიერ წამოწყებულ ახალ სასამართლო დავას ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გათავისუფლებული ქალის ინტერესებს იცავდა. ანა განმარტავს, რომ აღმასრულებელმა უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელა და განაცდურად მიიჩნია ის ხელფასი, რასაც გათავისუფლებული მუშაობის პერიოდში იღებდა.

„შტატი რომ არ გაუქმებულიყო და ხელფასი გაზრდილიყო იმავე პოზიციაზე, გაზრდილი ხელფასი არ უნდა გადაეხადა სამმართველოს, ამას ამბობს პრაქტიკა. სამწუხაროა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გარემოს დაცვის სამმართველოს პოზიცია ურყევია და ისევ განაგრძობს ეს უწყება კონკრეტული თანამშრომლის კანონიერი უფლებების დარღვევას. ეს არის არა კონკრეტული სამმართველოს, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურის სისტემის პრობლემა,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი.

„გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოგვაჭრა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დამატებით თანხა“, – ამბობს რაულ აბუსერიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტი. განმარტავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის შტატი გაუქმებულია, ხოლო სასამართლოს არ უმსჯელია ამ კუთხით – შტატის გაუქმება კანონიერი იყო თუ არა: „ჩვენი პოზიციაა, რომ ეს თანამშრომელი რასაც აიღებდა, ის გადავუხადეთ. რა ლოგიკით უნდა გადაგვეხადა ხელფასი, რომელიც უკვე გაუქმებული საშტატო ერთეულისთვის იყო გათვალისწინებული?“

რაულ აბუსერიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ზუსტად ამგვარი სხვა გადაწყვეტილება მიღებული არ არის: „ამიტომაც მოვითხოვეთ განმარტება უზენაესი სასამართლოსგან, როგორ უნდა მოგვეხდინა მისი აღსრულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე უარი გვითხრეს“.

ვახტანგ წულაძის უკანონო გადაწყვეტილება რეაგირების გარეშე დატოვა არჩილ ხაბაძის მთავრობამ. აჭარის მთავრობას არც იმაზე მოუთხოვია პასუხი ჩინოვნიკისგან, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გააჭიანურა და კიდევ უფრო გაიზარდა განაცდური თანხა, რაც ბიუჯეტის ხარჯზე გადაიხადა გარემოს დაცვის სამმართველომ. ვახტანგ წულაძე ზურაბ პატარაძის მთავრობამ დააწინაურა კიდეც – ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

 

 

 

ავტორი