IMG_20170301_152813

საბჭოთა დეპუტატები კომპენსაციას ითხოვენ

სახელმწიფო კომპენსაციის ანუ განსხვავებული პენსიის მიღებას ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები ითხოვენ, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ არჩევით ორგანოში.

„ეს ორგანო ასრულებდა საკანონმდებლო საქმიანობას. ამ ადამიანებს აქვთ შესრულებული ისტორიული მისია. მათ მოამზადეს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარებულიყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები”, – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას იურისტმა, ლია მუხაშავრიამ.

ლია მუხაშავრია 52 მოსარჩელის ინტერესებს იცავს, ვინც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპენსაციას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ის წევრები არ უნდა იღებდნენ, ვინც 1990 წლიდან გახდნენ დეპუტატები.

მოსარჩელეების აზრით, კანონის “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” მე-13 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და თანასწორი”.

„არავის დაკრულზე არ გვიცეკვია ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პირველად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება”, – მიმართა მოსამართლეებს ერთ-ერთმა მოსარჩელემ.

საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, მიიღებს თუ არა ამ საქმეს არსებითად განსახილველად.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს და კომპენსაციის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1990 წლამდე იყვნენ დეპუტატები.


1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება არჩევნების ჩატარების შესახებ. ეს დადგენილება გახდა სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ არჩევნები, ნაცვლად „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა“.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რაც შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი გახდა.

 

ავტორი