სიახლეები

ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში გაიხსნება

16.01.2014 • 4151
ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში გაიხსნება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის თვითმმართველობას ახალი სასაფლაოსთვის ფართი უკვე გადასცა. ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ჩაქვში, გვირაბიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ხელმარცხნივ მდებარეობს,  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გადაეცემა აიპის “ბათუმის სასაფალაოს” სამართავად. ამასთან, აღნიშნული ტერიტორიის მოსაწესრიგებლად მათ 30 000 ლარი გადაერიცხებათ.

ერთ–ერთი სასაფლაო ფერიის მთაზე

აიპი “ბათუმის სასაფლაოს” დირექტორის, ლაშა ბერძენიშვილის თქმით, თითქმის გადატვირთულია ქალაქის მეორე, ე.წ. ურეხის სასაფლაოც, ამიტომ ქალაქისთვის აუცილებელი იყო ახალი ფართი, ახალი სასაფლაოსთვის.

საფლავის ფასი ახალ სასაფლაოზე იგივე დარჩება, ამ ეტაპზე ფერიისა და ურეხის სასაფლაოებზე, ერთადგილიანი საფლავი 150 ლარი ღირს, დაკრძალვის მომსახურების ღირებულება კი 100 ლარია.

მას შემდეგ, რაც ახალი სასაფლაოს ფართი აიპი “ბათუმის სასაფლაოს” გადაეცემა, დაახლოებით ერთ კვირაში ტენდერი გამოცხადდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რის შემდეგაც დადგინდება ზუსტი დრო, თუ რა ვადებში დასრულდება სასაფლაოს კეთილმოწყობა. ლაშა ბერძენიშვილის თქმით, ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, ოთხი თვე დასჭირდება.

გადაბეჭდვის წესი