სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ეროვნული კომისიის წევრების კანდიდატების შეფასება

15.01.2014 • 1460
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ეროვნული კომისიის წევრების კანდიდატების შეფასება

 

„ კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტი წლების მანძილზე აყენებდა ზიანს მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობას. სწორედ ინტერესთა კონფლიქტის რისკების გამოვლენის მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლავ გამოიკვლია კანდიდატების წარსული საქმიანობა. საჯარო წყაროების გამოყენებით ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ქმნის თუ არა კანდიდატების საქმიანობა კერძო სექტორში  ინტერესთა კონფლიქტის რისკს მათი კომისიის წევრად არჩევის შემთხვევაში.

 

პარლამენტმა უკვე მესამედ უნდა უყაროს კენჭი კომისიის წევრის არჩევის საკითხს, ამჟამად მარეგულირებელ კომისიაში ორი ვაკანტური ადგილია. გასულ შემოდგომაზე „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების ადვოკატირება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოახდინეს, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის მოთხოვნები გამკაცრდა.

 

წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამი წელი მმართველ პოზიციაზე. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის განხრით.

 

მთავრობა და პრეზიდენტი  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ კანდიდატზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტი არჩეული პარლამენტს – კახა ბექაურს, თამაზ ინაშვილსა და სერგო შავგულიძეს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოს კი მარეგულირებელი კომისიის წევრის ასარჩევად წარდგენიდან ორი კვირის ვადა აქვს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო წყაროებზე დაყრდნობით კანდიდატების კერძო სექტორში საქმიანობა გამოიკვლია, რის შედეგადაც, ინტერესთა კონფლიქტის რისკები არ გამოიკვეთა. კანდიდატებს ფული არ აქვთ შეწირული პარტიებისთვის, მათ კომპანიებს კი მსხვილი სამთავრობო ტენდერები არ მოუგიათ. 

 

 

კახი ბექაური პროფესიით მათემატიკოსია და მას წლების მანძილზე სხვადასხვა მაუწყებლში მმართველი თანამდებობები ეკავა. ბექაური მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში (2000-2002 და 2003-2005 წლებში). იგი ასევე იყო ტელეკომპანია „მზის” დირექტორი და პარტნიორი. მოგვიანებით კი ბექაური ტელეკომპანია „მაესტროს”(2010-2011) და „მეცხრე არხის” (2012 წლის მარტიდან დეკემბრამდე) გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

 

ბექაური ფლობს შპს „სხვა არხს,” რომელიც 2012 წელს დაარსდა, თუმცა, არ ფუნქიონირებს როგორც მაუწყებელი. მის მფლობელობაშია ასევე სუპერმარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი” (25%) და შპს „რითეილ ფროფერთიზ” (25%). 2009-2010 წლებში ბექაური „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დირექტორი იყო, რომელსაც „რუსთავი 2-ის” ყოფილი პარტნიორი ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა.

 

თამაზ ინაშვილი პროფესიით იურისტია და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” მუშაობს. იქამდე იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 90-იან წლებში კი წამყვანი თანამდებობები ეკავა ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიაში.

 

ინაშვილი ფლობს 17%-ს შპს „ჯიაიჯი 2007”-ში. აღნიშნული კომპანიის საჯარო დოკუმენტებში 2011 წლის შემდეგ ცვლილებები არ ფიქსირდება, რაც მიუთითებს, რომ კომპანია, შესაძლოა, აღარ ფუნქციონირებს. მისი ბიზნეს პარტნიორი მუხრან გულაღაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა.

 

სერგო შავგულიძე პროფესიით ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერია და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი ამავდროულად ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია და კერძო სექტორში არ საქმიანობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: