მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის გამგებელი: მოსახლეობის პეტიცია შესრულდება

24.02.2017 • 3941
ქედის გამგებელი: მოსახლეობის პეტიცია შესრულდება

მოსახლეობის მიერ პეტიციით მოთხოვნილ საკითხებს ქედის გამგეობა 2017 წელს მოაგვარებს – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ დღეს, 24 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.

მოსახლეობა პეტიციით ქედაში პარკინგისა და საბავშვო ბაღებში ბავშვთა გასართობი კუთხეების მოწყობას, სოფლებში აბრების განთავსებასა და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სახიფათო მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა.

დავით დუმბაძე

დავით დუმბაძე

„შემოსულ პეტიციებზე აქტიურად ვიმუშავეთ, იყო საკითხები, რომელთა მოგვარება გამგეობას 2017 წლისთვის გაწერილი ისედაც ჰქონდა, მმოსახლეობის ოთხივე მოთხოვნა 2017 წლის განმავლობაში შესრულდება.  დაბა ქედასა და მახუნცეთის ტერიტორიაზე სულ ოთხი საავტომობილო პარკინგი, ხოლო საბავშვო ბაღებში გასართობი კუთხეები მოეწყობა. რაც შეეხება სოფლებში აბრების განთავსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, ეს საკითხი გადაწყვეტილია, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შევთანხმდით და როგორც კი თოვლის დნობა დაიწყება, დავიწყებთ აბრების განთავსებას.  ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ორი სახიფათო მონაკვეთია, ამ მონაკვეთების გამართვასთან დაკავშირებით გასულ წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვითაც გზის 39-ე და 50-ე მონაკვეთები გაფართოვდება“ – ამბობს გამგებელი.

კითხვაზე, რამდენი დაიხარჯება ამ სამუშაოებისთვის, დავით დუმბაძე პასუხობს, რომ  საჭირო თანხის ოდენობა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

სხდომას ქედაში პეტიციის წარმდგენი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. „ოთხივე საკითხზე შეთანხმება შედგა და როგორც გვაცნობეს, მიმდინარე წელს პეტიციით მოთხოვნილი საკითხები მოგვარდება, ეს შესული პეტიცია იყო ქედის საკრებულოში, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ ისეთი პრობლემების მოგვარება მოგვეთხოვა, რაც მარტივად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო, სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტების წარდგენას ვგეგმავთ პეტიციის სახით,“ – ამბობს  ვლადიმერ თებიძე, პეტიციის წარმდგენი.

პეტიციები მუნიციპალიტეტებში ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის  – „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მომზადდა და ქედის საკრებულოში გასული წლის 26 აგვისტოს შევიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: