რა გადაწყდა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრაზე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვს შეხვედრა.

21 თებერვალს საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გიორგი ერმაკოვის განმარტებით, შეხვედრის შედეგად მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ხვალ მათი იურისტები შეხვდებიან ერთმანეთს, იმისთვის, რომ დააზუსტონ ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები, რაც გარკვეული შეზღუდვების გამოცხადებისთვის არის საჭირო. მერის თქმით, ამ დეტალებზე მომდევნო კვირისთვის შეჯერდებიან.

რაც შეეხება ზონირების საკითხს, მერია კულტურის სამინისტროსგან პარალელურად გამოითხოვს არსებულ ძველ საყრდენ გეგმას და მოითხოვს მის განხილვას. გიორგი ერმაკოვის განმარტებით, საყრდენი გეგმა განხილული და მოწონებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ, შემდეგ კი უნდა წარედგინოს კულტურის სამინისტროს, რომელმაც ზონირების საკითხი  მთავრობასთან შუამდგომლობით უნდა განსაზღვროს.“

„გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას და ერთობლივად, დაინტერესებული პირების ჩართულობით (იქნება ეს მუნიციპალიტეტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო თუ  საზოგადოება), კომპეტენიის შესაბამისად გავაკეთებთ კომისიას, რომელიც იმსჯელებს ზონირებაზე“ – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან