მთავარი,სიახლეები

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის გამგეობიდან ფეხმძიმე ქალის გათავისუფლებაზე

23.02.2017 • 3154
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის გამგეობიდან ფეხმძიმე ქალის გათავისუფლებაზე

უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა გულნაზ ღლონტის საქმე. შესაბამისად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გულნაზ ღლონტის გათავისუფლება ხელვაჩაურის გამგებეობიდან უკანონოდ შეფასდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ხელვაჩაურის გამგეობამ სამსახურში უნდა დააბრუნოს და 2015 წლის იანვრიდან აღდგენის დღემდე განაცდურიც გადაუხადოს.

2015 წლის იანვარში გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მანამდე იგი სოფელ განთიადში გამგებლის რწმუნებულის მოვალებას ასრულებდა. გამგეობამ კონკურსი ჩაატარა, თუმცა სასამართლოს შეფასებით, გამგეობას არ უნდა განეხილა ვაკანსიად ის სამუშაო ადგილი, რომელიც ფეხმძიმე ქალს ჰქონდა დაკავებული.

2016 წლის თებერვალში ხელვაჩაურის გამგებლის ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება მაშინ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ ასე შეაფასა: „ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“.

როგორ აფასებს ნადიმ ვარშანიძე საქმის წაგებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში? – კითხვებს ხელვაჩაურის გამგებელმა ამჯერად აღარ უპასუხა. გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  გამგეობას ჯერ არ ჩაბარებია და კომენტარს მისი გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.

„ანომალურ მოვლენად“ შეფასებული ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ნადიმ ვარშანიძეს ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუსაჩივრებია. სარჩელით სააპელაციო სასამართლოს ჯიმშერ ბერიძემ მიმართა. ის ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელია, რომელმაც კონკურსის შემდეგ, 2015 წლიდან გულნაზ ღლონტი ჩაანაცვლა. მანამდე, ბათუმის სასამართლოში ჯიმშერ ბერიძე მხოლოდ დაინტერესებულ პირის სტატუსით მონაწილეობდა.

2016 წლის ივნისში ქუთაისის სააპელაციო სასმართლომ განიხილა და ძალაში დატოვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჯიმშერ ბერიძემ უზენაეს სასამართლოს მიმართა, სადაც მას საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი უთხრეს.

„ხელვაჩაურის გამგეობა ვალდებულია აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი და გადაუხადოს განაცდური“, – გვითხრა ანა მდირაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა. მისი შეფასებით, გამგეობას აქვს უფლება გაათავისუფლოს თანამშრომელი, ამ შემთხვევაში ჯიმშერ ბერიძე, რომელიც კონკურსის წესით დაინიშნა.

აქვს თუ არა უფლება ჯიმშერ ბერიძეს, რომელმაც ვაკანტური ადგილი კონკურსის შედეგად დაიკავა, იდავოს სასამართლოში ხელვაჩაურის გამგეობის წინააღმდეგ – ანა მდინარაძე ამბობს, რომ აქვს.

„ამ კუთხით კანონმდებლობა მოწესრიგებული არ არის. კონკურსის წესით დანიშნულ პირს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, თუმცა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ ფასდება იმავე პოზიციაზე მის დანიშვნამდე მომუშავე პირის გათავისუფლება“, – გვითხრა ანა მდინარაძემ.

ჯიმშერ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სასაუბროდ არ სცალია. რაც შეეხება განაცდურს – ხელვაჩაურის გამგეობას ამ დროისთვის ნადიმ ვარშანიძის უკანონო გადაწყვეტილებისთვის დაახლოებით 10 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: