სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

23.02.2017 • 3424
დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი, რომლის ბენეფიციარები არიან ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, იგი ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდება.
პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოების ამოქმედებას და იქ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას, ასევე პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს თვითდასაქმებაში ანუ საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბებაში.
პროექტი ასევე მოიცავს ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ამუშავებასაც, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები შეიძენენ ისეთ უნარებს, რომლებიც მათ სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახებსა და  პრობაციონერებს პროექტის ფარგლებში იურიდიული დახმარებასაც აღმოუჩენს.
როგორც პრეზენტაციაზე პროექტის მენეჯერმა ნინო ხაჩიძემ განმარტა, პროექტში მოსახვედრად ბენეფიციარების ნასამართლეობის მიზეზზე არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. წინასწარი გათვლით პროექტი 4000 ბენეფიციარზეა გათვლილი (სამივე სამიზნე ჯგუფის ჩათვლით).
იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე ნაკლებია ამ სამიზნე ჯგუფების მხრიდან სანდოობა, პროექტისთვის ბენეფიციარების მოძიებაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სოციალური მუშაკები იმუშავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: