„დაიცავი ძველი ბათუმი“ ლაშა სირაბიძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ 21.02.2017 წლის სიახლეების გვერდზე გამოქვეყნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოში არჩეული საჯარო პირის მიერ საკუთარი ამომრჩევლების/აქტიური ადამიანების მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება შოკისმომგვრელია, რომ არაფერი ითქვას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი ქალაქის ისტორიისა და მემკვიდრეობის მიმართ.

ბ-ნი სირაბიძის განცხადების შინაარსი ცდება ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის კვალიფიკაციას. უფრო მეტიც, მისი განცხადების სტილი და პათოსი გვაფიქრებინებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარმოდგენა არ აქვს საკუთარ უფლემოსილებებსა და მოქალაქეთა წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე.

ამონარიდი ლაშა სირაბიძის განცხადებიდან:

„რაც შეეხება აქტივისტებს, რომელთა ინტერესიც ისტორიული სახლების გადარჩენაა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ისინი სერიოზულ კომენტარსაც კი არ იმსახურებენ, რადგან ეს ის ხალხია, ვისაც „რეალურად არ უნდა საქართველოს განვითარება“ – განცხადების ეს ნაწილი, ისევე როგორც მთელი განცხადება  ალოგიკურია, რადგანაც, ერთი მხრივ, თავადაც აღიარებს, რომ აქტივისტები ისტორიული შენობების გადარჩენას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ასეთი ღირებულების მქონე მოქალაქეები მას მიაჩნია საქართველოს განვითარების მოწინააღმდეგეებად (ისტორიული და კულტურული  მემკვიდრეობა კი ამ ქვეყანაში დაცულია კანონით). გამოდის, რომ კანონს და  მოქალაქეებს  სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი  უპირისპირდება.

ლაშა სირაბიძე ამ შემთხვევაში წარმოადგენს არჩევითი ორგანოს ხელმძღვანელს, ამიტომაც ჩვენ მის განცხადებას აღვიქვამთ ბათუმის საკრებულოს პოზიციად. განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში ასეთი შინაარსის განცხადება გამოიწვევდა პირის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. როგორც დანიშნულ, ასევე არჩეულ თანამდებობის პირებს არ  აქვთ უფლება თავისი განცხადებებით აქტიური მოქალაქეების ჯგუფების  მარგინალიზებას შეუწყოს ხელი. მოქალაქეების პატივისცემა კი მათი არჩევანი კი არა, მათი ვალდებულებაა. გამომდინარე აქედან ჩვენ ველოდებით ბათუმის საკრებულოს სხვა წევრების განცხადებებს, გვაინტერესებს, ისინი ემიჯნებიან თუ ეთანხმებიან ლაშა სირაბიძის განცხადებას.

ჩვენ, „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ ქალაქისა და რეგიონის მმართველ გუნდში რა დამოკიდებულება აქვთ მათი თანაპარტიელის – ლაშა სირაბიძის ამ საგანგაშო განცხადების თაობაზე .

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმი“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან