მთავარი,სიახლეები

ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

22.02.2017 • 2860
ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს.

დავით თედორაძე

დავით თედორაძე

ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 ლარს იღებს. „ჭოროხს“ გამოსცემს „აჭარის მწერალთა სახლი“ და ის აჭარის განათლების სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დააფუძნა.

„ახალაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დავით თედორაძის შემთხვევას კანონდარღვევად აფასებს, რადგან დეპუტატი რედაქციაში „მენეჯერული ფუნქციის ანაზღაურებისთვის“ იღებს ხელფასს. თავად დავით თედორაძე მიიჩნევს, რომ კანონს არ არღვევს. მისი ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 4652 ლარია.

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი, ილია ვერძაძე პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს. დეპუტატმა „ბათუმელებს“ არ უთხრა, იღებს თუ არა ანაზღაურებას, როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელი.

49050„აჭარის რეგლამენტი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე გავრცელდეს საქართველოს კანონის მოქმედება, ხოლო ასეთ კანონს წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც განმარტებულია, რომ აჭარის არ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს (დეპუტატს) უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ვინ უნდა ახდენდეს რეაგირებას, როცა დეპუტატი კანონს არღვევს? – კითხვაზე გიორგი ხიმშიაშვილმა გვიპასუხა, რომ მხოლოდ უმაღლეს საბჭოს შეუძლია რეაგირება და სხვა მექანიზმი კანონმდებლობაში გაწერილი არ არსებობს.

იურისტის განმარტებით, საკითხი თავდაპირველად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ უნდა შეისწავლოს, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, საკითხი კენჭისყრაზე უნდა გავიდეს. „საბოლოოდ უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, შეუწყვეტს თუ არა უფლებამოსილებას დეპუტატს, რომელიც არღვევს კანონს „ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“.

„ჯერ დავით თედორაძის საკითხით არ დავინტერესებულვართ“, – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. ის მიიჩნევს, რომ ვიდრე კომისია გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საკუთარი პოზიცია არ უნდა გააჟღეროს.

ნინო ჩხეტიამ გვითხრა ის, რომ ამ კუთხით საქართველოს პარლამენტის პრაქტიკას გაეცნო: „იქ ასეთი განსაკუთრებული შეზღუდვები არსებობს. ერთადერთი შეზღუდვა, რაზეც შეიძლება გავრცელდეს სამართლებრივი მსჯელობა, არის ანაზღაურების მიღება. ამ საკითხებზე აუცილებლად ვიმსჯელებთ“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: