სიახლეები

სკოლა და ჩაცმის სტილი

28.11.2013 • 7888
სკოლა და ჩაცმის სტილი

მარიტა გოგიჩაიშვილი

მარიტა გოგიჩაიშვილი

საჯარო სკოლებში „ფორმიანობის ხანა“ რამდენიმე წელია დასრულდა და ახლა უფროსკლასელები თავად არჩევენ ტანსაცმელს, რომლითაც სკოლაში წავლენ. თუმცა სკოლის შინაგანაწესში შემორჩენილია სიტყვა _ „შესაფერისი“, რომელიც სკოლაში ე.წ „დრესკოდს“ მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს. „ზოგადი განათლების კანონში არის ჩადებული და შინაგანაწესშიც გვიწერია, რომ მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს შესაფერისად ჩაცმული“ _ ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.

როგორც იგი განმარტავს, „შესაფერისი“ ნიშნავს თეთრ მაისურს ან პერანგს და შავ ქვედაბოლოს. „ვცდილობთ, რაღაც წესები ვუკარნახოთ მოსწავლეებს, მაგრამ უფროსკლასელებს ბოლომდე მაინც ვერ ვუკარნახებთ ჩაცმის წესს, რა ვქნათ, შემოგვაპარეს დახეული ჯინსები და მოკლე კაბებიც, შენიშვნებს ვაძლევთ, მაგრამ ხშირად არ ითვალისწინებენ“ _ ამბობს დირექტორი.

დირექტორის თქმით, შენიშვნები მოსწავლეების მიმართ მოზომილია. მოსწავლეები კი ამბობენ, რომ მასწავლებლების მხრიდან მოზომილობა ხშირად ასე ჟღერს: „პატრონი არ გყავს?!“

„ერთხელ სკოლაში ამერიკის დროშიანი ელასტიკით და ლურჯი მაისურით მივედი. ამის შემდეგ ამომიჩემეს და სულ მსაყვედურობენ. ვიღებავ თმასაც, მერა რა“-გვეუბნება მეცხრეკლასელი თეკლა თამლიანი.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გიორგობიანი ცხვირსა და ყურზე საყურეს ატარებს და შინდისფერი თმა აქვს. „ერთფეროვნება არ მიყვარს. ვერც გრძელ კაბებს ვიტან. ვცდილობ, გარეგნობა შევიცვალო, ეს ჩემს ხასიათს გამოხატავს“. ანი ამბობს, რომ მისი სტილის გამო შენიშვნებს ხშირად იღებს, თუმცა არ ითვალისწინებს: „ფორმებს თუ დაგვირიგებენ, ჩავიცმევ, მაგრამ თუ თავისუფლებაა, მაშინ არ უნდა ჩაერიონ ჩვენს ჩაცმულობაში. მაღიზიანებს მოსწავლეების ამოჩემება და შემდეგ მუდმივი დევნა“.

„მე დრედების გაკეთებას ვაპირებ. ვთვლი, რომ ვარცხნილობა სკოლას უნდა შევუთანხმო. წესით ამან პრობლემა არ უნდა შემიქმნას, მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მისაყვედურებს და ამისთვის მზად ვარ“ _ ამბობს მარიტა გოგიჩაიშვილი. მისი აზრით, ყველა ის დეტალი, რის ხაზგასმასაც ცდილობენ უფროსკლასელები ჩაცმულობაში, მათი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესზე მიანიშნებს და თვითგამოხატვის ასეთი ფორმა არ უნდა გახდეს სკოლის მხრიდან განსჯის საკითხი.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე დანელია მე-11 კლასში სწავლობს. მისი აზრით, როგორი ფერის ტანსაცმელი უნდა ატარონ მოსწავლეებმა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა გამომწვევი ჩაცმულობა სკოლამ უნდა აკრძალოს. „მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ არის ორიგინალურობა, არც ზედმეტად მოკლე კაბა. ვფიქრობ, სკოლა მართალი იქნება, თუ შეზღუდვებს დააწესებს. ჩვენს სკოლაშიც არიან მოსწავლეები, რომლებიც ზედმეტად მოკლე კაბებით დადიან, მე არ მომწონს. ჩაცმულობამ შეიძლება შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს, მაგრამ თმის ფერი არ ქმნის პრობლემას, თმა მეც შეღებილი მაქვს და ამას ხშირად სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს“.

პირველი და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ჩემი აზრით თმის შეღებვა 17-18 წლის ასაკში არ არის გამართლებული. არც ზედმეტად მოკლე კაბა მომწონს, ბიჭები სხვა თვალით შეხედავენ“ _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი ავთო ბაკურიძე.

უფროსკლასელების აზრით, ჩაცმის სტილს ყველაზე ხშირად გარემო და ოჯახი კარნახობს მოზარდს. „ჩაცმის კულტურაზე სკოლა ნაკლებად საუბრობს. თუ რაღაც არ მოგვწონს, ჩვენს მეგობრებს ვეუბნებით, რომ ეს არ არის მისაღები, მაგრამ გემოვნებას, ჩემი აზრით, მაინც ოჯახი და გარემო აყალიბებს“ _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი მზია დიასამიძე.

თამუნა კორძაიაც მეთერთმეტეკლასელია. იგი ამბობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც უნდა ისწავლო: „ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი მეგობარიც მოსულა გადაკრასკული, სამკაულებით, მაგრამ რომ არ გვესიამოვნა, შენიშვნა მივეცით და შემდეგ გაითვალისწინა“.

„ბიჭებიც არიან, რომლებიც ამოღებული მაისურებით და გამომწვევი შარვლებით დადიან. ჩვენ ვცდილობთ, მათ კარგი რჩევა მივცეთ“, _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი ნიკა ბერიძე.

სკოლა „ნიკეს“ ქართული ენის პედაგოგის კესო ბორჩხაძის აზრით, მთავარია სკოლაში მოსწავლე სწავლისთვის დადიოდეს და არა გასართობად: „მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რას გაიკეთებს ცხვირზე. მაგრამ, ფაქტობრივად, შიშველი როცა დადიან ან დახეული ჯინსები აცვიათ, ვფიქრობ, ეს არ არის მისაღები. ხშირად ამას მოჰყვება „მეც მინდა“. ვარცხნილობას კი არ უნდა მიაქციოს სკოლამ ყურადღება. უმჯობესია სხვა რამეში ჰქონდეს მოსწავლეს თვითგამოხატვა, რადგან ხშირად ეს უფრო მეტიჩრობაა, ვიდრე თვითგამოხატვა“.

სკოლამ უნდა აკონტროლოს თუ არა მოსწავლეების ჩაცმის სტილი? _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქონევროლოგ შორენა ვაშაძის აზრით, მერვე-მეცხრე კლასამდე მოსწავლის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა აუცილებელია: „მაგრამ მეათე და მეთორმეტეკლასელებს, რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.“

„მოზარდობის ხანა განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც ახლავს ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის დამახიასეთებელი ნიშნები.“ _ განმარტავს შორენა ვაშაძე _ „ამ დროს მოზარდი ცდილობს განსაზღვროს თავისი იდენტობა. ის არის დამოუკიდებელი და ცდილობს დაუპირისპირდეს ყველაფერს, რაც მის თვითგამოხატვას შეზღუდავს. თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას და სკოლის ფუნქცია სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ სწორად მიაწოდოს მოზარდებს ის, რასაც მათი ინდივიდუალიზმი მოითხოვს. სკოლა უნდა გახდეს მიმზიდველი მოზარდისთვის, თუნდაც იმავე ფორმებით, რაც იქნება დახვეწილი და თანამედროვე სტანდარტებთან შეხამებული. სკოლამ უნდა მოუსმინოს მოზარდებს და მათაც უნდა ჰქონდეთ უნარი სკოლის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ანგარიში გაუწიონ“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა მოსაზრებები არსებობს საჯარო სკოლაში მოსწავლის ჩაცმულობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მსგავსი კვლევების შედეგები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია.

„სასკოლო ფორმის ტარება პოზიტიურად აისახება სასკოლო კლიმატზე, მოსწავლეების ქცევაზე, მოსწავლეების მიღწევებზე და მშობლებს ფულს უზოგავს“ _ ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ქეთლინ უედიმ და მერი სტაფორდმა საჯარო სკოლის 415 მოსწავლისა და 83 მასწავლებლის გამოკითხვის საფუძველზე მოამზადეს.

საპირისპიროს ამბობს ენ ბოდაინის სტატია, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის სპეციალისტების სტატიას აკრიტიკებს არასწორად გაანალიზებული მონაცემების გამო. სასკოლო ფორმები არაფერს ცვლის. ამაზე მსჯელობა არის უფრო მწვავე პრობლემებიდან ყურადღების უმნიშვნელო საკითხებზე მიმართვა. გარდა ამისა, ფორმა მოსწავლეების ნაწილს კონფორმიზმისკენ, ნაწილს კი _ მეამბოხეობისკენ უბიძგებს. _ აღნიშნულია სტატიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: