სიახლეები

ცოტა რამ გლასების შესახებ

12.11.2013 • 3421
ცოტა რამ გლასების შესახებ

გლასების ამბავი ბევრ პატარ-პატარა მოთხრობაშია გაბნეული. ამჯერად  „ჭერი აწიეთ, დურგლებო და სიმორი – შესავალზე“ გიამბობთ.

ალბათ, ვისაც გლასების ოჯახის ამბები უყვარს, კონკრეტულად ვერავინ იტყვის, რამ შეაყვარა ეს პერსონაჟები ასე, მაგრამ არის ერთი კონკრეტული მიზეზი: ისინი, ყველანი, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ გვინდა ვიყოთ. როგორ ოჯახებზეც ვოცნებობთ სინამდვილეში. არადა, გგონიათ, იდეალურები არიან? პირიქით, უამრავი ნაკლი აქვთ – საშინლად დეპრესიულები და სუიციდისკენ მიდრეკილები არიან, და-ძმიდან ზოგიერთი ბავშვობიდანვე გენიოსად აღიარეს, ზოგი კი არაფრით გამოირჩევა, ჩხუბობენ და გაუთავებლად ომობენ ერთმანეთთან და ცხოვრებასთან, სულ რაღაცას ეძებენ… მაგრამ ეს ის ოჯახია, ერთ-ერთი წევრი, ფრენი, დეპრესიის ზღვარზე რომ წევს, ჭერს მიშტერებია და სიკვდილს ნატრობს, მამამისი მანდარინებს უზიდავს, შეხედავს ჩემი გოგო, ჩემი ფრენი ამ მანდარინებს და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდებაო. ეს ის ოჯახია, რომელიც არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ მიატოვებს თავის წევრს.

სიმორ გლასი არის პერსონაჟი, რომლითაც თვითონ მწერალია აღფრთოვანებული. ზუსტად ალბათ ვერც ერთი მკითხველი ვერ იტყვის, რა კაცია მაინც ეს სიმორი – უნიჭიერესი პოეტი, ომიდან ჩამოსვლის შემდეგ დეპრესიამ რომ დარია ხელი, კინაღამ გაგიჟდა და სანამ ბოლომდე გააფრენდა, ერთ-ერთ ფეშენებელურ კურორტზე ცოლის ცხვირწინ ტყვია რომ დაიხალა.  „ჭერი აწიეთ, დურგლებო და სიმორი, დასაწყისი~ მისი ძმის ნაამბობია სიმორის შესახებ. ყველაფერი სიმორის ქორწილით იწყება. ძმა იხსენებს ამ დღეს და ვითომ არაფერი ხდება, წარმოიდგინეთ, უბრალოდ ქორწილის დღეს იხსენებს სიმორის ოჯახის წევრი, მაგრამ ამ აბსოლუტურად სტატიკურ ამბავში ნელ-ნელა იშლება და იხსნება კვანძები – მაინც რა კაცი იყო ეს სიმორი, ყველა გარშემომყოფზე რომ გავლენა მოახდინა, ყველა რომ შეცვალა და ბოლოს რაღაცა მოუნელებელ, გაუგებარ ტკივილს რომ გადააყოლა თავისი ცხოვრება. რა კაცი იყო მაინც, ასე რომ უყვარდა სიცოცხლე და ასეთ ლექსებს რომ წერდა და ბოლოს უსაფუძვლო შიშმა აჯობა. მაგრამ მარტო სიმორის ამბავი არ არის ამ წიგნში – გლასების მთელი ისტორიაა, მთელი მათი ოჯახური სიყვარული.  გენიოსი, დაკარგული ბავშვების ამბები, თავიანთმა გენიალურობამ ნელ-ნელა, განუკურნებელი დაავადებასავით რომ მოინელა.

გლასების ამბები სიმორის ლექსებს ჰგავს – ვერ ახსნი, ვერ გაარჩევ, საღ აზრს ვერ მიუსადაგებ,  უბრალოდ, შენია ეს ამბები, პირდაპირ შენს გულში იჭრება, პირდაპირ სულს გითბობს და გახსენებს, რომ ამდენ ბოროტებაში, ასეთ აჩქარებულ ცხოვრების რიტმში, სადღაც აუცილებლად შენთვისაც უნდა იყოს  ზუსტად ისეთივე სახლი, როგორიც გლასებს აქვთ –  შეიძლება, არც ისე დალაგებული და ლამაზი, მაგრამ იმ ადამიანებით სავსე, რომლებსაც ერთი-ორი მანდარინი აუცილებლად ექნებათ თქვენთვის გადანახული, იმ შემთხვევისთვის, თუ ერთ დღეს საშინლად დაგეზარებათ ცხოვრების გაგრძელება.                

 მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

           

გადაბეჭდვის წესი


ასევე: