მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა

20.02.2017 • 3046
გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2017 წელს აღარ განხორციელდება. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებში განმარტავენ, რომ პროგრამის არარსებობა სოფლის მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტით, თავად გამგეობები გეგმავენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, „მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რაც გასულ წელს მთავრობის მიერ ხულოს სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიღებულ დაფინანსებას ორჯერ აღემატება“.

კითხვაზე, რა პროექტებს დაუფინანსებს სოფლის მოსახლეობას ხულოს გამგეობა და თითოეულ სოფელზე რამდენი თანხა გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან? – ზაზა ზოიძე პასუხობს:

„პრიორიტეტების შერჩევა და თითოეულ სოფელზე თანხის გამოყოფა ისე მოხდება, როგორც ეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდებოდა. მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რის გაკეთება სურს სოფელში. პრიორიტეტების შესარჩევად მუშაობა დავიწყეთ,  დაახლოებით 1-2 კვირაში გვექნება იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე განვახორციელებთ“.

თემებსა და სოფლებში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პროექტების განხორციელებას გეგმავს ქედის გამგეობაც. გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან  420 ათასი ლარია გამოყოფილი.

„მოსახლეობამ შეხვედრებზე საკუთარი პრიორიტეტები დაგვისახელა და  გამგეობაში სულ 120 პრიორიტეტი შემოვიდა დასაფინანსებლად. ზოგიერთი სოფლის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა მოითხოვა, ნაწილმა სოფლის ცენტრებში საპირფარეშოების მოწყობა, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების გამართვა და სასოფლო გზების მობეტონება… ჩვენ მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო პროექტების დამუშავებაზე ტენდერი გამოვაცხადეთ. ტენდერის შემდეგ გახდება ცნობილი 120 პროექტის განხორციელებისთვის რა თანხა იქნება საჭირო,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, გამგეობას ბიუჯეტში ამ ეტაპზე ცალკე თანხა თითოეულ სოფელში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პროექტების დასაფინანსებლად არ გამოუყვია, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წელს შუახევში განხორციელდება, მოსახლეობის მოთხოვნით შეირჩა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა. წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში 6 მილიონი ლარია გამოყოფილი, ანალოგიური დაფინანსება გვქონდა ამ კუთხით გასულ წელსაც. წელს განვახორციელებთ ფურტიო-ბუთურაული- ნენიის წყალსადენის 5-მილიონიან გარდამავალ პროექტს, სოფელ ბუთურაულსა და ნიგაზეულში ორ ახალ სკოლას, ხოლო სოფელ წყაროთასა და ხიჭაურში საბავშვო ბაღები აშენდება, განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაზეც 800 ათასი ლარა გამოყოფილი,“ – ამბობს შუახევის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ედნარ შარაშიძე.

16833003_1269733886455648_1251232320_o - Copy

სოფელი ზედა თხილვანა / ხულო / ეკა ბარამიძის ფოტო

გასულ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 596 ათას 828 ლარი, შუახევმა კი 582 ათას 188 ლარი მიიღო. 2015 წელს მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტმა ამავე პროგრამის განსახორციელებლად სულ 2 მილიონ  67 ათას 635 ლარი მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: