მთავარი,სიახლეები

გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს

20.02.2017 • 2365
გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს

დღეს, 20 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გლობალური ფონდის დაფინანსებით ტარდება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის სლოგანია – „ზიანის შემცირება მუშაობს, – დააფინანსეთ!“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გლობალური ფონდი უკვე წლებია საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს აფინანსებს. ფონდის დაფინანსება 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა დაფინანსების მოცულობა ეტაპობრივად შემცირდება:

„ჩვენ რამდენიმე დღე ვიმუშავებთ გლობალური ფონდის ექსპერტებთან და მათთან ერთად გავივლით მოსაზრებებს. თუმცა, სახელმწიფო მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს ამ პროგრამების სრულად დაფინანსებაზე. ერთ-ერთი მათგანია ჩანაცვლებითი თერაპია, რომლის დაფინანსებასაც გლობალური ფონდი მაისის ბოლოს წყვეტს“.

ქეთი სტვილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის, შიდსის პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის მიზეზი ქვეყნის განვითარებაა: „ჩვენნაირი განვითარების ქვეყნები, ფაქტობრივად, თვითონ აფინანსებენ ასეთ პროგრამებს.“

2020 წლამდე პროგრამების დაფინანსება ეტაპობრივად შემცირდება. „ჩვენ მივიღეთ წერილი გლობალური ფონდიდან, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობას აძლევს ინფორმაციას, რომ 2020 წლის ჩათვლით დაფინანსების მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება. დაახლოებით 8- 4 მილიონით შემცირდება დაფინანსება შიდსის პროგრამებზე და დაახლოებით 7 მილიონი დოლარით ტუბერკულოზის პროგრამებზე“.

ქეთი სტვილიას თქმით, 2017 წლის მეორე ნახევრიდან სახელმწიფო მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას მეტადონის ჩანაცვლების პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი გლობალური ფონდიდან წლის განმავლობაში დაახლოებით 800 000 ლარი იყო:

„თუმცა, ამის პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო პროგრამებიც ბენეფიციართა თანადაფინანსებით. სიახლეა ის, რომ როცა სახელმწიფო მთლიანად აიღებს ამ პროგრამების დაფინანსებას თავის თავზე, ეს თანადაფინანსების მოთხოვნაც იხსნება და ფაქტობრივად, პროგრამა უფასო ხდება“.

ქეთი სტვილიას თქმით, „2015 წლიდან სახელმწიფო თვითონ ყიდულობს პირველი რიგის მედიკამენტებს შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ, 2018 წლისთვის კი ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.“

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აივ-ინფექციის მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია.

გლობალური ფონდის კონფერენცია ბათუმში

გლობალური ფონდის კონფერენცია ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: