4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის

„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში.

კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი] ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე გამოცხადებული ტენდერისთვის ჩამოეშორებინა.

კომისიას კომპანიის დისკვალიფიკაციის მეორე მიზეზად მოჰყავს ის, რომ „გეოგრაფიკმა“ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარადგინა.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „გეოგრაფიკს“ დამატებით უნდა წარმოედგინა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, „თუმცა წარმოდგენილია ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ 2005-2016 წლებში სხვადასხვა მომსახურებების დასახელება, შემსყიდველის დასახელება, ხელშეკრულებებისა და სამუშაოების ღირებულებები… სატენდერო კომისია თვლის, რომ გამოიცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს ხელშეკრულებების ასლები, სამუშაოს/მომსახურების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტების ასლები“.

მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება „გეოგრაფიკმა“ დავების საბჭოში გაასაჩივრა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულმა დავების საბჭომ საკითხი 21 თებერვალს უნდა განიხილოს.

„გეოგრაფიკი“ ითხოვს „გაუქმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის [ბათუმის მერიის] კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება/ქმედება“.

4-თეთრიან სხვაობასთან დაკავშირებით „გეოგრაფიკს“ საჩივარში აღნიშნული აქვს, რომ „თუ რიცხვის მთელი ნაწილის შემდეგ მდგომი თანრიგი 5-ზე მეტია ან ტოლი, მაშინ დამრგვალებისას მთელი ნაწილი ერთით იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ნაწილი იგივე რჩება. რიცხვის წილადი ნაწილი ორივე შემთხვევაში გაქრება“.

რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას – „გეოგრაფიკი“ საჩივარში მიუთითებს, რომ მათ წარადგინეს „ინფორმაცია გამოცდილების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების თანდართვით… მათ შორის:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 250 000 ჰა-ზე აეროგადაღება, ციფრული ორთოფოტოების მომზადება და 141 000 ჰა-ზე ტყის ინვენტარიზაციის ჩატარება (2015-2017),
  • ქ. ბათუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების ინვენტარიცაზიისა და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება…

ასევე, კომპანიას 2015 წელს გადაღებული აქვს ქ. ბათუმის ურბანული ტერიტორია 5 სმ. პიქსელის ზომით. 2005 წლიდან საქართველოში განხორციელებული ციფრული აეროგადაღების 70 პროცენტი შესრულებულია ჩვენი კომპანიის მიერ, რაც ასევე მიწოდებულ იქნა სატენდერო კომისიისათვის,“ – აღნიშნულია „გეოგრაფიკის“ საჩივარში.

„გეოგრაფიკამდე“ ბათუმის მერიის სატენდერო კომისიამ, ასევე ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია კიდევ ერთ კომპანიას [რუკა მაპპინგ] მისცა, რომელიც მომსახურებას მერიას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობდა.

ამჯერად სატენდერო კომისია მესამე პრეტენდენტის, თურქული კომპანიის [YILDIZ INSAAT YAZILIM MUHENDISLIK TEMIZLIK GUVENLIK VE YEMEKHANE HIZMETLERI TICARET LTD STI.] წინადადებას განიხილავს, რომელიც მომსახურებას მერიას 10 ათასი ლარით უფრო ძვირად სთავაზობს, ვიდრე „გეოგრაფიკი“.


ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე ქალაქის მერიამ ტენდერი 2016 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 346 ათასი ლარი. ტენდერში წინადადებების მიღება იმავე წლის 16 დეკემბერს დასრულდა.

ტენდერში მონაწილეთა საბოლოო შეთავაზებები:
  • YILDIZ INSAAT YAZILIM MUHENDISLIK TEMIZLIK GUVENLIK VE YEMEKHANE HIZMETLERI TICARET LTD STI. – 235 ათასი ლარი;
  • გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი – 225 ათასი ლარი;
  • რუკა მაპპინგ – 224 ათასი ლარი;

აღნიშნული ტენდერი ძირითადად ითვალისწინებს „ბათუმის ტერიტორიის დისტანციური ზონდირებას, დისტანციური ზონდირების მონაცემთა დამუშავებას (აეროფოტოგადაღების, ციფრული ორთოფოტოგეგმების შექმნით სურათების ფოტოგრამმეტრული დამუშავების, ციფრული რელიეფის მოდელის (DEM), ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის, დაზუსტებული საკადასტრო რუკების, სიმაღლეების ციფრული მატრიცის, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების ციფრული რუკების შექმნასა და მათი ერთიან ინტეგრირებულ პროგრამულ პლატფორმაში მოქცევას“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com