მთავარი,სიახლეები

ახალი პიკაპები – აჭარის გზების დეპარტამენტის პასუხი ენმ-ის კრიტიკაზე

17.02.2017 • 4159
ახალი პიკაპები – აჭარის გზების დეპარტამენტის პასუხი ენმ-ის კრიტიკაზე

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას, პიკაპს, შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დღეს, 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და  აჭარის მთავრობას და საგზაო დეპარტამენტს ტენდერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ენმ-ი მიიჩნევს, რომ 320 000 ლარად სპეცტექნიკის შეძენა სჯობს, რომელიც გამოიყენება დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების დროს.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დეპარტამენტი იმ ტექნიკას ყიდულობს, რომელიც ესაჭიროება:

„ეს არის ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტი, რომელიც ადგილობრივ წარმომადგენლებისათვის არის საჭირო ჩვენი რეგიონის რელიეფიდან გამომდინარე. პრაქტიკულად დეპარტამენტს ახლა ჰყავს მხოლოდ ერთხიდიანი და მსუბუქი ტრანსპორტი, რომელიც ქმნის გარკვეულ პრობლემებს გადაადგილებისას იმ ლოკაციებზე, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული თუ გაწმენდითი სამუშაოები, აქედან გამომდინარე ამის საჭიროება არსებობდა“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

იგი ასევე ამბობს, რომ დეპარტამენტი წელს მძიმე ტექნიკასაც შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტში 1 მილიონ 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„ვგეგმავთ მინიმუმ ექვსი ერთეული მძიმე ტექნიკის შეძენას, რომელსაც წლის განმავლობაში რამდენიმეს დავუმატებთ. სულ ცხრა ერთეული ტექნიკის შეძენაა წლის განმავლობაში დაგეგმილი.  ეს არის ექსკავატორები, ბულდოზერები და ის სპეციალური ტექნიკა, რომელიც დეპარტამენტებს სჭირდება საქმიანობის განსახორციელებლად“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: