სიახლე

მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობაში მერია 200 ათასამდე ლარს დახარჯავს

მიმდინარე წელს ქალაქის ტერიტორიაზე 2664 ცხოველის დაჭერასა და ტრანსპორტირებისთვის ვეტერინარულ კლინიკამდე სპეციალური ავტომანქანით, მათ სტერილიზაცია-კასტრაციისთვის, კვებისთვის, ვაქცინაციის, რევაქცინაციისა და დაბირკვისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 200 ათასამდე ლარს გადაიხდის. ამ სამუშაოს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების მომსახურებისთვის ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 199 ათას 800 ლარია. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება.


სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ქალაქის ტერიტორიიდან მკვდარი ცხოველების (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით და ბეიკერის ორმოში მოთავსება. “ბეიკერის” ორმოების კვირაში არანაკლებ ორჯერ დეზინფექციაც (დაქლორვა) ამავე კომპანიის მოვალეობაში იქნება.


გათვალისწინებულია ასევე [საჭიროების შემთხვევაში] ცხოველებისთვის ევთანაზიის ჩატარებაც.

„ევთანაზია ხორციელდება უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იმ დაავადებულ ან/და ტრავმირებულ ცხოველებისთვის, რომელთა მკურნალობა არაეფექტურია, აგრეთვე იმ ცხოველებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია:

  • იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს: აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);  ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
  • ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებს, ასევე პათოლოგიებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
  • შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;“ – წერია ტენდერის ტექნიკურ პირობებში.

ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰყავდეს არანაკლებ ორი მაღალკვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტი.

ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან