მთავარი,სიახლეები

ადვოკატს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

16.02.2017 • 2297
ადვოკატს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

მოსამართლე ირაკლი შავაძე ოჯახში ძალადობის შემთხვევას განიხილავს, სადაც ბრალდებული პროფესიით ადვოკატია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში სცემა ყოფილ მეუღლეს, ვისთანაც საერთო შვილები ჰყავს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული კისრისა და მკლავის არეში.

სასამართლომ უკვე მოისმინა ორი პოლიციელის ჩვენება. ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ქალია, რომელიც ადვოკატის მეზობელია და ოჯახურ კონფლიქტს შეესწრო.

„ეს ქალი ვერ კითხულობს ქართულად. ამბობს, რომ ვერ წაიკითხა, როგორ დააფიქსირა პოლიციელმა მისი ჩვენება. დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანიც, რომელმაც თქვა, რომ პირდაპირ პოლიციელს ენდო და ისე მოაწერა ხელი ჩვენებას“, – უთხრა ბრალდებულმა „ბათუმელებს“.

ადვოკატი, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედება ბრალად, ამბობს, რომ  მას ყოფილი მეუღლე არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: „მასთან ოფიციალურად დაქორწინებულიც არ ვყოფილვარ… შვილებზე ვიღებ პასუხისმგებლობას. მინდა, ჩემი ბინა გავყიდო და შვილებსაც რაღაც შევუძინო, მაგრამ ამ ქალს ახლა უნდა ყველაფერი. შვილები დედასთან ცხოვრობენ. ეს ქალი მანამდეც ხშირად მიწყობდა პროვოკაციას“.

ბრალდებული ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებას ადანაშაულებს. მიიჩნევს, რომ პოლიციელები მიზანმიმართულად ცდილობენ მის დისკრედიტაციას: „ამას ადასტურებს ის, რომ მანამდე ჩემგან და ჩემი ოჯახის წევრებისგან არაერთი შეტყობინება შევიდა პოლიციის განყოფილებაში, მოვითხოვდი, რომ რაღაც ზომები მიეღოთ, რადგან ეს ქალი მოდიოდა ხშირად და პროვოკაციას აწყობდა. ეს ქალი არის პოლიციის აგენტი. პოლიციელები ახლაც მოითხოვენ ჩემგან ბრალის აღიარებას და საპროცესოს გაფორმებას. მე ვიყავი პირიქით ძალადობის მსხვერპლი“.

ბრალდებულ ადვოკატს სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი, დავით კეკელიძე იცავს. მანამდე მას ადვოკატი ედიშერ მახარაძე იცავდა. ბრალდებულს პრეტენზიები მასთანაც აქვს, – ამბობს, რომ ადვოკატმა სასამართლოს დროულად არ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: