სიახლეები

ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

16.02.2017 • 3606
ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მისივე განმარტებით, „მარდი ჰოლდინგის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე, კვლავ რჩება კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე, იგი კომპანიაში ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს გააკონტროლებს.

ნათია, კონკრეტულად რა სფეროებს უხელმძღვანელებთ კომპანიაში?

ირაკლი რჩება ასევე მარდი ჰოლდინგში, უბრალოდ, მიმართულებები გადავინაწილეთ. მე ვიქნები აღმასრულებელი, ირაკლი კი ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს გააკონტროლებს, ყველაფერი დანარჩენი ჩემი მიმართულებაა –  მარკეტინგი, მართვა, პიარი, პროექტების მართვა, ურთიერთობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ეს თქვენთვის მეტ-ნაკლებად ახალი სფეროა, აქამდე მედიაში და კულტურის სფეროში მუშაობდით, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გაართმევთ თავს ახალ პოზიციას?

დიდი ამბიციაა ჩემი მხრიდან, რომ ასეთ დიდ საქმეს შევეჭიდე. რადგანაც მაქვს დაახლოებით 10-წლიანი გამოცდილება მართვაში, ვფიქრობ,  ამ სფეროსაც გავუმკლავდები, რადგან ბიზნესში უმნიშვნელოვანესი მიმართულება მარკეტინგია და ჩემი პრიორიტეტიც სწორედ ის არის, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო როგორც რეგიონს, ისე კომპანიას, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც აქ მუშაობს.

რა არის ამ კომპანიაში თქვენთვის ყველაზე ღირებული, რის გამოც დათანხმდით ამ შემოთავაზებას?

ყველაზე ღირებული ის არის, რომ ეს კომპანია მუდმივად ახალ პროდუქტს ქმნის, მუდმივად ახლ პროექტებზე მუშაობს, ანუ ახალ იდეებზე და ბევრი მიმართულებით არის ინოვატორი, რაც ხასიათშიც მიზის. ვფიქრობ, იმ ახალ იდეებს, რაც მომავალში გვექნება, ერთად განვახორციელებთ.

ამავე თემაზე: ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: