კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს

15.02.2017 • 2237
დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს

რეკომენდაციებს ეკომიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სთავაზობს. ამ ორგანიზაციამ დღეს, 15 თებერვალს ორწლიანი მუშაობა შეაჯამა, მათ შორის, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა“. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ეს პროექტი ევროკავშირის და „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა.

„მეტი ფული პრევენციაში“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მთავრობას მიმართავს.

არჩილ ხახუტაიშვილი

არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზის შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს: „უნდა შეიცვალოს მიდგომა, როცა ურმის გადაბრუნების შემდეგ ვხედავთ გზას. სახლის გამაგრებასა და თუ ნაპირსამაგრ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს ფული. შესაძლოა, სტიქია ვერ შეაჩერო, მაგრამ ზიანის შემცირება შესაძლებელია“.

არჩილ ხახუტაიშვილი მთავარ პრობლემად ასახელებს ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი პოლიტიკის არქონას: „ეს გულისხმობს, როგორც ეკომიგრანტის არარსებულ სტატუსს, კრიტერიუმის მინიჭებას, ასევე მონიტორინგს და რისკების შეფასებას. მაგალითად, მთავრობამ მისცა ეკომიგრანტს 25 ათასი ლარი ახალი სახლის შესაძენად. არ ხდება შემდეგ იმის გარკვევა, ცხოვრობს თუ არა ეკომიგრანტი ახალ სახლში, ინტეგრირდა თუ არა იქ, სადაც ჩასახლდა; ხომ არ დაბრუნებია ძველ საცხოვრებელ ადგილს. თუ ამის მონიტორინგი არ მოხდება, მივიღებთ „თხილვანა ორს“. დღესაც, იგივე თხილვანაში, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანებს აღებული აქვთ კომპენსაცია, მაგრამ ოჯახის ნაწილი ისევ ძველ ადგილზე ცხოვრობს. ჩვენი რეკომენდაციაა, კონკრეტული პირობით მოხდეს თანხის გადაცემა, მაგალითად, ძველი საცხოვრებელი სახლი გადაეცეს თვითმმართველობას, ან ახალი სახლი მიეცეს შეზღუდული განკარგვის უფლებით“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა განსაზღვროს არა კონკრეტულად ეკომიგრანტის, არამედ იძულებით გადაადგილებული პირის სამართლებრივი სტატუსი და უნდა განისაზღვროს ერთიანი სტანდარტი – რით ეხმარება სახელმწიფო კონფლიქტის შედეგად, ან სტიქიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს.

„უნდა არსებობდეს ერთიანი სტანდარტის საფუძველზე რამდენიმე სახის შეთავაზება. სახელმწიფო მოქალაქეს ან ერთს სთავაზობს, ან მეორეს, ან მესამეს. თუ სამივეზე უარს ამბობს მოქალაქე, მაშინ სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების მუშაობაც ამ კუთხით მოსაწესრიგებელია, რადგან დაზარალებულებს კატეგორიას მუნიციპალიტეტი ანიჭებს, მაგრამ არ არსებობს ამ პროცესზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირი. გარდა ამისა, თვითმმართველობები, კატეგორიების მინიჭების დროს, ხელმძღვანელობენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებით, რომელიც თვითმმართველობის ხარისხიდან გამომდინარე, ვერ იქნება სავალდებულო ხასიათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, სხვა შიდანორმატიული აქტი კი, თვითმმართველობებს დღემდე არ აქვთ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაზეც არჩილ ხახუტაიშვილი ამახვილებს ყურადღებას, არის საცხოვრებელი სახლების ხარისხის კონტროლი სოფლებში: „ცნობილია, რომ ძალიან ბევრი მეწყერსაშიში ზონა გვაქვს. ამ დროს არავითარი მოწმობა, ან გეოლოგის დასკვნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ სადმე ახალი სახლი ააშენო. ჩვენი მოთხოვნაა, მკაცრად გაკონტროლდეს ახალი მშენებლობები სოფლად“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: