მთავარი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ხორცის ყიდვისას

15.02.2017 • 4904
რა უნდა ვიცოდეთ ხორცის ყიდვისას

თუ ბაზარში ან მაღაზიაში ხორცის ყიდვისას გამოსაჩენ ადგილას არ არის წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნულია ცხოველის საცნობარო ნომერი, სასაკლაოს ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველის წარმოშობა – ადგილობრივია თუ იმპორტირებული – ხორცის გამყიდველი/ბიზნესოპერატორი კანონს არღვევს და დაჯარიმდება – რეგლამენტი, რომელიც საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესს განსაზღვრავს, პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხორცის შეძენამდე – სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაცია

  • ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელ შეფერილობა
  • ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები და ლორწო
  • ხორცის ზედაპირზე უნდა იყოს წარმოქმნილი სიმშრალის ქერქი, თითის დაჭერისას წარმოქმნილი ფოსო მალე უნდა გასწორდეს.
  • ძროხის ცხიმი უნდა მოყვითალო და მაგარი, ღორის ცხიმი – თეთრი და ერთგვაროვანი, ცხვრის ცხიმი – მკრთალი ფერის, მაგარი.
  • ძროხისა და ცხვრის ხორცი უნდა იყოს ჟოლოსფერ-წითელი, ხბოს – ვარდისფერი, ღორის ხორცი – ღია წითელიდან მოვარდისფრო შეფერილობამდე.

ეტიკეტირების ახალი რეგლამენტი ჯერ მხოლოდ საქონლის ხორცზე ვრცელდება და არა ცხვრისა და ღორის ხორცზე. ამის მიზეზი, როგორც საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში განმარტავენ, წვრილფეხა პირუტყვის რეგისტრაციის პროცესია, რომელიც არ განხორციელებულა, განსხვავებით მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაციისგან.

„ეტიკეტირების ახალი რეგლამენტი მხოლოდ საქონლის ხორცს ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან არ ეხება წვრილფეხა პირუტყვს, მათი ხორცი შეუმოწმებელია და ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე შეიძლება მოხვდეს ბაზარზე.  უბრალოდ, მასზე არ ვრცელდება რეგლამენტის მოთხოვნა ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, რადგან წვრილფეხა პირუტყვის რეგისტრაცია წარმოებული არ არის,“ – ამბობს ბიძინა ჯიბლაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორი.

რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება ხორცის შეძენისას? ბიძინა ჯიბლაძე ამბობს, რომ ხორცთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტიც, შეფუთული, გატარებული ან დაჭრილი ხორცის შემთხვევაში კი ეტიკეტი შეფუთვაზე უნდა იყოს დატანილი:

„ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული ხორცის სარეალიზაციო ადგილთან და უნდა იყოს შესაძლებელი დადგენა, რომელი ხორცის არის კონკრეტული ეტიკეტი.  გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს საშუალება, მოსთხოვოს ბიზნესოპერატორს [ხორცის გამყიდველს], წარუდგინოს ჩანაწერი შესაბამის ჟურნალში, როდის მიიღო ეს ხორცი და რომელი სასაკლაოდან. ამას აქამდე სახელმწფო ორგანო სთხოვდა ბიზნესოპერატორს, ეს უკვე ხელმისაწვდომი ხდება მომხარებლისთვისაც, ამის ვალდებულება აქვს ბიზნესოპერატორს.“

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორი 400 ლარით, იმავე წელს დარღვევის მეორედ აღმოჩენის შემთხვევაში კი 1200 ლარით დაჯარიმდება.

ბაზრებსა და ხორცის მაღაზიებში მონიტორინგს სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები ახორციელებენ. აჭარაში ასეთი ექვსი ჯგუფია.

„ჩვენ ვმოქმედებთ გეგმის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. მაგალითად, გასულ წელს განვახორციელეთ 700-მდე ობიექტის დოკუმენტური შემოწმება აჭარაში, დაახლოებით 350-მდე ნიმუშის აღება და 600-ზე მეტი ინსპექტირება. ექვსი ჯგუფი მუშაობს აჭარაში და ყოველდღიურად წარმოებს მონიტორინგი შესაბამის ობიექტებში. ზოგადად რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება შემოწმება და როცა არის რისკი, ხორციელდება გეგმიური შემოწმებაც და არაგეგმიურიც,“ – ამბობს ბიძინა ჯიბლაძე.

მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომის რეგისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა განახორციელოს. არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა სასაკლაოზე აკრძალულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: