მთავარი,სიახლეები

მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა

14.02.2017 • 4313
მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა

მოწმის სახით დაბარებული გ.მ. სასამართლო დარბაზში აპირებდა შესვლას, როცა პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. გ.მ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელებმა იგი აიძულეს ჩვენება არ მიეცა. შემთხვევა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა. გ.მ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩიძესთან უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავს.

„სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პოლიციელი დაგვხვდა, დედაჩემი მახლდა და ბიძაჩემი. პოლიციელებმა მითხრეს, არ შეხვიდე დარბაზში, თორემ ნარკოტიკს ჩაგიდებთ, მთელი ცხოვრება სანანებელი გექნებაო და ასე შემდეგ“, – გვიყვება გ.მ.

მან პოლიციელების ვინაობა არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ ისინი პირველი განყოფილებიდან იყვნენ, სადაც მან გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა. გ.მ.-ს თქმით, პოლიციელებმა მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს და დაახლოებით ორი საათი ქუჩაში მანქანით ატარეს.

„სახინკლეში წასვლაც შემთავაზეს, უარი ვუთხარი. სამი იყვნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩვენება არ უნდა მიმეცა. ბოლოს ნარკოლოგიურში მიმიყვანეს. ჩემი ნებით მივეცი ბიოლოგიური მასალა და სუფთა აღმოვჩნდი. მერე მეორე განყოფილებაში მიმიყვანეს, „ჯეოსელის“ გვერდით და იქ გამომკითხეს. მანამდე უკვე დარეკილი მქონდა ჩემებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ასევე საია ჩაერთო საქმეში. ასევე დავრეკე 112-ზე და ვუთხარი, რაც მოხდა“, – ამბობს გ.მ.

პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს მისი ბიძია  – ჯ.ც: „მოვიდნენ პოლიციელები და გვარით მომმართეს, ალბათ იცოდნენ ჩემი გვარი, არ ვიცი. მითხრეს, მოაშორე აგენი აქედან, თუ არ გინდა, ცუდად წავიდეს საქმეო“.

მოწმის სახით სასამართლოში დაბარებული პირი გამოძიების ეტაპზე ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში დაუკითხავთ. გ.მ. ამბობს, რომ მისი ჩვენება გამომძიებელმა მიზანმიმართულად დაამახინჯა, რაც მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი.

„ჩვენების მიცემის დროს გამომძიებელი მეუბნებოდა, შენთვის უმჯობესია, თუ ასე აღვნიშნავთო… საბოლოოდ იმხელა გამოვიდა ნაწერი, არ წამიკითხავს რა დაწერეს. აღმოჩნდა, რომ ჩემ გამო, შესაძლოა, ვიღაც უსამართლოდ დასაჯონ. მე მინდოდა, ყველაფერი მომეყოლა მოსამართლისთვის, რასაც შევესწარი“, – ამბობს გ.მ.

პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც დღეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

„ვფიქრობთ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უკანონო საპატრულო ღონისძიებას. ფაქტია, რომ გ.მ. 13:15 საათზე წაიყვანეს სასამართლოს შესასვლელიდან, ის პროცესს არ დასწრებია, ხოლო ნარკოლოგიური ტესტი მას ჩაუტარდა 15:30 საათზე. პოლიციის ოფიციალური ვერსიაა, რომ ეს პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაიყვანეს ნარკოლოგიურ ტესტირებაზე,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: