მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

14.02.2017 • 2390
ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

„თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ შესთავაზა ადეკვატური კომპენსაცია. მე, როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი, მოვითხოვ, რომ 17 თებერვლამდე ხელისუფლებამ წარმოადგინოს საკუთარი ხედვა აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში. კერძოდ: მოსახლეობის განსახლების ვადები გეგმა-გრაფიკით, სად ასახლებენ ამ მოსახლეობას და რას სთავაზობს ხელისუფლება,“ – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ „ბათუმელებთან“.

საკრებულოს წევრი იმ სამთავრობო კომისიაში შეყვანასაც ითხოვს, რომელიც თხილვანის თემაზე მუშაობს.

საკრებულოს წევრის განცხადებასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის დახმარების მზაობა გაცილებით ადრე გამოთქვა, თუმცა მოსახლეობამ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პროგრამებში ჩართვაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, რამაც მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის პროცესი შეაფერხა.

„არსებული პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებით 51-მა ოჯახმა განცხადება უკვე გააკეთა. დანარჩენებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები… რაც შეეხება შეღავათებს, ყველა პროგრამაში მათი ჩართვა გამარტივებული წესით მოხდება. საბოლოო ჯამში სამთავრობო კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას რა და როგორ მოხდება, 51 ოჯახიდან ნაწილმა განაცხადა, რომ თანახმაა ბინა სოციალურ სახლში მიიღოს, ნაწილმა განაცხადი გააკეთა ჩაერთოს 25 000-ლარიან პროგრამაში“ – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

17 თებერვლამდე მოხდება თუ არა ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება? – გამგებელი პასუხობს: „ჩვენ მზად ვიყავით უფრო ადგრე გაგვეკეთებინა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ცოტათი გაიწელა ეს პროცესი. ეს არ არის ჩვენი უმოქმედობის მიზეზი, მოსახლეობას სხვა ინტერესი ჰქონდა, სხვა ამოცანები და შესაბამისად შეჯერებული რომ ყოფილიყო, ამიტომ ამ ეტაპამდე მივიდა საქმე, – მზად ვიყავით პირველ ეტაპზე მოსახლეობა გაგვეყვანა დროებით ქირით და შესაბამისი სახლებიც მოძებნილიყო… ყველა უბანში, ყველა სახლთან მივიყვანეთ გზა, რომ ტექნიკა მისულიყო და მოსახლეობის გაყვანა მომხდარიყო, მაგრამ თვითონ წავიდნენ წინააღმდეგი“.

ქვემო თხილვანა. ხულო. ფოტო: ეკა ბარამიძე

ქვემო თხილვანა. ხულო. ფოტო: ეკა ბარამიძე


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს.

ამავე თემაზე:

გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფელ თხილვანას ოთხკაციანი ჯგუფი მეთვალყურეობს

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ

რას სთავაზობს ხელისუფლება თხილვანას მოსახლეობას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: