მთავარი,სიახლეები

გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს

14.02.2017 • 3705
გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს

„თუკი ექსპერტმა იცის ჩემი ვინაობის შესახებ, მეც უნდა ვიცოდე, ვინ წყვეტს დაფინანსდეს უნდა თუ არა ჩემი პროექტი“, – ამბობს გიორგი კრავეიშვილი. მის სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

სადავოა მთავრობის დადგენილება „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“. ეს სამართლებრივი აქტი გრანტის გამცემ ორგანიზაციას არ ავალდებულებს საჯარო გახადოს ჟიურის შემადგენლობა.

გიორგი კრავეიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის გრანტის მოპოვების დროს, საჯარო უნდა იყოს ექსპერტების ვინაობა, ვინც პროექტებს არჩევს.

20170213_130652„ჩემს შემთხვევაში, მოგვიანებით გავიგე, რომ ექპსერტი იყო ის, ვისაც ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა ჩემთან. წინასწარ უნდა არსებობდეს ამა თუ იმ ექსპერტის აცილების შესაძლებლობა“, – მიმართა მოსამართლეებს გიორგი კრავეიშვილმა. ის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მოპოვებას ცდილობდა. გიორგი დოქტორანტია და საქართველოში მცხოვრებ ლაზებზე სამეცნიერო კვლევის მომზადებას აპირებდა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ დავიქირავეთ ორგანიზაცია, რომელმაც განახორციელა შეფასება. ნებისმიერი ექსპერტის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მათი ვინაობის გამხელა არ მოხდეს“, – უთხრა მოსამართლეებს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, მარიამ იაშვილმა.

„დღეს თქვენი გადამოწმებაც ვერ ხდება, რამდენად კეთილსინდისიერად შეარჩიეთ ექსპერტი. ეს იძლევა თუ არა ეჭვის გამოხატვის საფუძველს, რომ შესაძლოა ექსპერტი იყოს მიკერძოებული?“ – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

„ჩვენ გვევალება, რომ პროცესი წარვმართოთ კანონის შესაბამისად“, – უპასუხა მოსამართლეს რუსთაველის ფონდის წარმომადგენელმა.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე, ლალი ფაფიაშვილი თანასწორობის პრინციპის დაცვით დაინტერესდა: „რამდენად დაცულია თანასწორობის პრინციპი, როცა ექსპერტმა იცის, ვის აფასებს, მონაწილეს კი არ აქვს ინფორმაცია, ვინ არის შემფასებელი?“

ფონდის წარმომადგენლემა, მაია იაშვილმა თქვა, რომ შესაძლებელია კონკურსში მონაწილემ სასამართლოს მიმართოს, თუმცა ექსპერტის ვინაობა არც ამ შემთხვევაში გასაჯაროვდება. მისი თქმით, იშვიათად ასაჩივრებს ვინმე კონკურსის შედეგს.

„შეიძლება იმიტომაც არ ასაჩივრებენ, რომ მაინც ვერაფერს გაიგებენ,“- ეს ფონდის წარმომადგენელს, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა უთხრა.

„იქნებ იმიტომ უნდა იცოდეს ექსპერტმა მონაწილის ვინაობა, რომ საინტერესოა, რა გაუკეთებია მანამდე, რა გამოცდილება აქვს, რამდენად ნაყოფიერი იყო მისი სხვა შრომები…“ – მოსამართლე მერაბ ტურავას ამ გამოსვლას ფონდის წარმომადგენელი მაშინვე დაეთანხმა, თუმცა იქვე, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა დააფიქსირა, რომ მოსამართლემ მხარეს მინიშნება მისცა: „ახლა რა იდეაც მოგაწოდათ მოსამართლე მერაბ ტურავამ, მანამდე თქვენ გქონდათ? ეს მინიშნება იყო…“

მოსარჩელის, გიორგი კრავეიშვილის აზრით, გრანტის შერჩევის პროცესში ექსპერტების ვინაობის დაფარვა ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 41-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: