ekizi-e1485411644263

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 500 კვ/მ იქნება. ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები [არანაკლებ 120 ადგილი, მათ შორის ავტობუსებისთვისაც].

ახალაშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება კაფე + სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი არანაკლებ 35 ადგილზე; სასტუმრო 80 საწოლზე; შენობაში უნდა განთავსდეს ასევე ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები, სამედიცინო პუნქტ(ებ)ი, საუნა, სასტუმროსა და ადმინისტრაციის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის დამხმარე სამყოფები, სათავსოები და ა.შ.

შენობაში განთავსდება უნივერსალური დარბაზი:

  • მოედნის ზომა 60X40;
  • სიმაღლე მინ 20მ – მაქ. 24 მ;
  • მაყურებელთა რაოდენობა 2500-2700;
  • ნაგებობაში განთავსდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სამყოფები [მაგალითად: ტელეკამერებისა და VIP ადგილები, ფოიე თავისი საევაკუაციო გასასვლელებით, გასახდელები, სანკვანძები სპორტსმენებისათვის და მაყურებლებისათვის, ტექნიკური სათავსები, საწყობები ინვენტარისათვის და ა.შ.]

გარდა ამისა, შენობაში განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშის, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, ტაეკვონდოს, ჭადრაკისა და სპორტული ცეკვების დარბაზები.

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი ახლახან გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა ნახევარ მილიონზე მეტი – 525 ათასი ლარია.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მომზადდეს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სპორტსკოლის მშენებლობაზე.


ბათუმში ახალი სპორტსკოლის აშენება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აჭარის მთავრობამ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის ტერიტორიის ნაწილი ორბი ჯგუფს მიყიდა; სპორტული სექციები კი სხვადასხვა შენობაში გადაანაწილეს.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის მიზნით შექმნა. საავადმყოფოს მშენებლობა დაწყებულია, საფეხბურთო სტადიონისა კი – არა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com