სიახლეები

დათვის ბელი ქობულეთის პლაჟზე

30.07.2013 • 2235
დათვის ბელი ქობულეთის პლაჟზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის თანახმად არ შეიძლება ტყვეობაში ყოლა გარეული ცხოველების. მითუმეტეს წითელი ნუსხის სახეობის. კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი დასჯის ღონისძიებები ასეთ დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა მარტო ეს არ არის. დათვის ბელი რომ ჰყავს ადამიანს, ის თავისით არ მივიდოდა მასთან. აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ დათვის ბელი ისე ვერ  მოხვდებოდა ადამიანთან, თუ დედამისს არ მოკლავდნენ.  დათვი შეტანილია წითელი ნუსხაში, შესაბამისად უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის  სამართლის საქმეზე, დათვის მკვლელობაზე და მისი ბელის უკანონოდ დატყვევებასთან დაკავშირებით. ასი ლარით დააჯარიმებენ ალბათ, უკანონო ტყვეობაში რატომ გყავსო, მეტი სასჯელი არ დაეკისრება. შესაბამისად, მობილურის მოპარვა უფრო დიდი დანაშაულია საქართველოში, ვიდრე წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა. დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული ბოლომდე. აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ვინ მოკლა და სად,” – ამბობს „ბათუმელებთან” საუბარში ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ „ბათუმელებისგან” გახდა ცნობილი. მისივე თქმით დაიწყება მოკვლევა.

„ეს ფაქტი არ იყო აქამდე ჩემთვის ცნობილი, აჭარის რეგიონში ჩვენ გვყავს აჭარის სამსახური, მე აუცილებლად გადავცემ ამ ინფორმაციას და ალბათ არ იქნება რთული მოსაძებნი. რაც შეეხება სანქციებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცნობს რეგულაციას, რომ ეს არის ნამდვილად დასჯადი ქმედება. ჩვენ როგორც კი გავატარებთ ღონისძიებას და როგორც კი იქნება ფაქტი დადგენილი, აუცილებლად შეგატყობინებთ,” – უთხრა „ბათუმელებს” ნელი კორკოტაძემ.

აღნიშნული ქმედება რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. პირს, რომელსაც ცხოველი უკანონოდ ჰყავს დატყვევებული, ბელი ჩამოერთმევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: